თუკი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში საუბარია იმაზე, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით თვითმმართველობებში დემოკრატიის პირობები უარესდება, ჩვენ ამას ვერ მივიღებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა განუცხადა.
როგორც ლილუაშვილი განმარტავს, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დაშვებულია როგორც მუნიციპალიტეტების გაყოფა, ასევე მათი გაერთიანება და ამ მხრივ, ხელისუფლებამ კანონით დაშვებული უფლება გამოიყენა.
“პრეზიდენტის ვეტოზე გადაწყვეტილების მისაღებად, პირველ რიგში, დაგვჭირდება მოტივირებული შენიშვნების შინაარსს გავეცნოთ - რა ნაწილშია უთანხმოება, რა ნაწილშია განსხვავებული მოსაზრებები. პრეზიდენტის შენიშვნებს საფუძვლიანად, ყურადღღებით გავეცნობით, ავწონ-დავწონით და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. არა მგონია, რაიმე შენიშვნა იყოს. როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ზეპირსიტყვიერად გადმოგვცა, აქ საუბარია იმაზე, რომ თვითმმართველობებში დემოკრატიის პირობები უარესდება. თუკი ეს არის სამოტივაციო ნაწილის ძირითადი საკითხი, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ამას ჩვენ ვერ მივიღებთ. რაკი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ იმთავითვე უშვებს მუნიციპალიტეტების გაერთიანებს, ესე იგი ეს არის კანონიერი და დემოკრატიული პროცესი“, - აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექს” და ასევე, “საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებებით, შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმება და მათი მუნიციპალურ თემებთან გაერთიანება მოხდა. შესაბამისად, ჯერ კიდევ არსებული 12 თვითმმართველი ქალაქი 5-მდე შემცირდა. კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, მუნიციპალური თემებთან შემდეგი თვითმმართველი ქალაქის გაერთიანება ხდება, ესენია - ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი, თელავი, ახალციხე, მცხეთას და ამბროლაური.