გამოცემა „New Musical Express”-ის მტკიცებით, პოპულარული ჯგუფი „Deep Purple”-ს ყოფილმა კლავიშებზე დამკვრელმა ჯონ ლორდმა რამდენიმეწლიანი დუმილი დაარღვია და უახლოეს მომავალში ახალ სტუდიურ ალბომზე მუშაობას დაასრულებს.
ჯონ ლორდი ლივერპულის სამეფო ფილარმონიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩანაწერს „Concerto for Group and Orchestra” გამოუშვებს.
ეს ნამუშევარი მუსიკოსმა 1969 წელს მოამზადა. ცოტა ხნის წინ ის ხელახლა გადაამუშავა და საბოლოო სახე მისცა.
ჯონ ლორდს ალბომის ჩაწერაში ბრიუს დიკინსონი, ჯო ბონამასა, სტივ მორსი, სტივ ბალზამო და კასია ლასკა ეხმარებოდნენ.
ახალი დისკი დღის სინათლეს მიმდინარე წლის სექტემბერში იხილავს.