ჯგუფი „Guns N’Roses”-ს ყოფილი გიტარისტი სლეში ქალაქ ლოს-ანჯელესში განსაკუთრებით დააფასეს.
იმ დროს, როდესაც ევროპის კონტინენტზე ბატონი აქსელ როუზი ყოფილ კოლეგას ყოველდღიურად ლანძღავს, კალიფორნიაში სლეშის პერსონალური ვარსკვლავის გახსნა გადაწყვიტეს.
მუსიკოსის ვარსკვლავი ჰოლივუდის წარმატებულ მოღვაწეთა ხეივანში, მიმდინარე წლის 10 ივლისს გაიხსნება. ამ ღონისძიების ინიციატორი თბილისელი დავით ოქიტაშვილის ამერიკელი კოლეგა ანა მარტინესი ბრძანდება.
ორი დღის წინ ქალბატონმა ანამ ადგილობრივ მას-მედიას ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ სლეშის ვარსკვლავის გახსნის იდეა კინოპროდიუსერ რობერტ ევანსსა და მსახიობ ჩარლი შინს ეკუთვნოდათ.
ცნობილი გახდა რომ 10 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებაზე სლეშმა არაერთი კოლეგა დაპატიჟა. მათ შორის „Guns N’Roses”-ის წევრებიც არიან, რასაკვირველია აქსელ როუზის გამოკლებით.