ვნახოთ, რომელ პოზიციაზე შევჯერდებით და საერთოდ თუ შევჯერდებით რაიმე პრინციპზე, - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ კითხვას, რა არის ის კონკრეტული საკითხი, რომლის თაობაზეც მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო შეიძლება შეთანხმებას მიაღწიოს.
ვოლსკი ამ კონტექსტში სახელმწიფო სტაბილურობაზე ამახვილებს ყურადღებას.
”ჩვენ სახელმწიფო სტაბილურობაზე უნდა ვიზრუნოთ. ამის იქით არავითარი სხვა განწყობა არ გამაჩნია. ხალხმა უნდა იცოდეს, ვის ირჩევს პარლამენტში და ზუსტად იმ დოზით შემოუშვას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რა გზითაც მხარდაჭერას იმსახურებს. კომპრომისი რაღაც თემასთან დაკავშირებით შეიძლება, მაგრამ არაადეკვატური იქნება, თუკი სახელმწიფოს ინტერესებზე ვლაპარაკობთ”, - აღნიშნა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ვერ აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება იყოს ის კონკრეტული საკითხი, რასაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციის სასარგებლოდ დათმობს.