არ არსებობს ოფიციალური სტატუსი „შპს-ს მამაო“, ეს იყო ხელფასი, რომელსაც მამა გიორგის ქველმოქმედების სახით აძლევდნენ

არ არსებობს ოფიციალური სტატუსი „შპს-ს მამაო“, ეს იყო ხელფასი, რომელსაც მამა გიორგის ქველმოქმედების სახით აძლევდნენ

არ არსებობს ასეთი ოფიციალური სტატუსი შპს-ს მამაო, ეს იყო ხელფასი, რომელსაც ქველმოქმედების სახით აძლევდნენ მამა გიორგის, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა პროკურორის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დეკანოზის სხვადასხვა შპს-ში გაფორმებასა და იქიდან ხელფასის აღებას ეხებოდა.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, შპს-ს დირექტორი ირმა ჩხაიძე ქველმოქმედების მიზნით ურიცხავდა მამა გიორგი მამალაძეს სხვადასხვა თანხას.

"მამა გიორგი ამ ქალბატონის ოჯახის, მისი პირადი სულიერი მამაა. როცა დაფუძნდა კომპანია და ამ კომპანიის თანამშრომლებთან მამა გიორგის ჰქონდა ურთიერთობა როგორც სულიერ მოძღვარს, ამ შპს-ს დირექტორმა გადაწყვიტა განეხორციელებინა ქველმოქმედება. შემოწირულობას ხომ იღებს მოსახლეობისგან საპატრიარქო, სასულიერო პირები და ასეთივე შემოწირულობას იღებდა მამა გიორგი. ეს ქალბატონი ყოველ თვე ურიცხავდა გარკვეულ თანხას. ქალაბატონმა ირმამ არაერთხელ დაადასტურა, რომ მანამდეც არაერთი სასულიერო პირისთვის გაუწევია ასეთი ქველმოქმედება. არ არსებობს ასეთი ოფიციალური სტატუსი - შპს-ს მამაო. ეს არის ხელფასი, რომელსაც ქველმოქმედების სახით აძლევდნენ მამა გიორგის", - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

ბრალდებული გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში გაფორმებული იყო როგორც შპს-ს მამაო, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სასამართლოში ერთ-ერთი მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, პროცესზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბრალდებული დაინტერესებული იყო ანგარებით და გამდიდრებით.