”ქართულმა ოცნებამ ”გვითხრას, რას დათმობენ - ამის შემდეგ ოპოზიცია იმსჯელებს, ღირს თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ტუღუშმა განუცხადა.
ტუღუშის შეფასებით, სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამოშიგნულ, უსაფუძვლო დიალოგს სთავაზობს, რომლის თაობაზეც წინასწარ არის ცნობილი, რომ არც ერთი პრინციპული საკითხი არ შეიცვლება.
”პრემიერ-მინისტრი ამბობს ერთს, რეალობა არის მეორე და აბსოლუტურად განსხვავებული. ჩვენ ყველამ მოვისმინეთ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებები იმის შესახებ, რომ ხელისუფლება არანაირ პრინციპულ დათმობაზე წასვლას არ აპირებს. გამოდის, რომ საუბარია ლამაზი შეხვედრის ჩატარებაზე, სადაც რეალურად არაფერი შეიცვლება. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის მიერ მიღებულია ორი მოსმენით და დარჩენილია მხოლოდ მესამე მოსმენა, რომლის ფარგლებშიც შეიძლება მხოლოდ სარედაქციო შესწორებები შევიდეს. ამასთან, ამბობენ, რომ პროექტი უკან არ დაბრუნდება, ცვლილებები არ შევა და მოგვიწოდებენ დიალოგისკენ. ერთადერთი, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებით არის კმაყოფილი, არის „ქართული ოცნება“, ხოლო უკმაყოფილოა ვენეციის კომისია, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” გიორგი ტუღუშმა.
ტუღუშის თქმით, მმართველმა გუნდმა მოატყუა როგორც ვენეციის კომისია, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის ყველა მონაწილე.