ირაკლი კობახიძის მხრიდან ხაზგასმა “პროცედურულ-სამართლებრივ შესაძლებლობაზე“ სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა იმის თქმა, რომ შესაძლოა, მეორე მოსმენით გასული კანონპროექტი დაბრუნდეს პირველ მოსმენაზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო პროექტის უკან დაბრუნებას გამორიცხავს, თუმცა ამტკიცებს, რომ არსებობს პროცედურულ-სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ კონსენსუსის შემთხვევაში კონსტიტუციის პროექტში ცვლილებები აისახოს.
ლევან ალაფიშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ „პროცედურული ხრიკებით კონსტიტუციასთან თამაში არასწორია“, რადგან საზოგადოებაც და პოლიტიკოსებიც საბოლოო ჯამში, ამ ხრიკებს გამოიცნობს.
„ეს არის შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება, რომელმაც შექმნა ძალიან რთული სიტუაცია და თავი ჩაიგდო მძიმე მდგომარეობაში, ცდილობს თავისი სიძლიერის და ღირსეული სახის შენარჩუნებით დააბნიოს ამომრჩეველი და რეალურად, მეორე მხრივ, უკან დახევა შეძლოს. მას, როგორც ჩანს, სიძლიერე მხოლოდ ჯიუტობაში აქვს წარმოდგენილი. რასაც ბატონი ირაკლი კობახიძე ხაზს უსვამს „პროცედურულ-სამართლებრივ შესაძლებლობაზე“, სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა იმის თქმა, რომ შესაძლოა, მეორე მოსმენით გასული კანონპროექტი დაბრუნდეს პირველ მოსმენაზე და უკვე მეორე მოსმენიდან განახლდეს მსჯელობა და კენჭისყრა ოღონდ, შემოდგომაზე. სიმართლეს ამბობს ბატონი ირაკლი, თუმცა როგორც ჩანს, ეს სიმართლე მათთვის საუხერხულოა“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
მისივე განმარტებით, ყველაზე გონივრული იქნება მიმდინარე პროცესი დასრულდეს და ახალი პროცესი დაიწყოს შემოდგომაზე, ოღონდ განსხვავებული ხედვით.
ლევან ალაფიშვილი ხელისუფლებას სთავაზობს „პირუკუ პროცესს“, როცა საზოგადოება და ოპოზიცია ხელისუფლებას შესთავაზებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე თავიანთ ვერსიას.
„ამ სიტუაციის გათვალისწინებით ვურჩევდი ხელისუფლებას, საზოგადოებას და პოლიტიკურ ორგანიზაციებს უთხრას, რომ მათი რეალური ნაბიჯი კონსენსუსისკენ არის ის, რომ „თქვენ შეიმუშავეთ თუნდაც ერთი პროექტი კონსტიტუციური ცვლილებებისა და მხოლოდ ამის შემდგომ ჩავერთვებით ამ პროცესში“. ანუ პირუკუ პროცესი რომ დაიწყოს, გონივრული იქნება, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის უკან დაბრუნებას გამორიცხავს, თუმცა ამტკიცებს, რომ კონსენსუსის შემთხვევაში არსებობს „პროცედურულ-სამართლებრივი შესაძლებლობა“, რომ კანონპროექტში ცვლილებები აისახოს.
„რაც შეეხება მეორე მოსმენით ჩვენს მიერ მიღებულ კონსტიტუციას, მისი დაბრუნება არის გამორიცხული. შემოდგომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მივიღებთ. არის პროცედურულ-სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ კონსენსუსის შემთხვევაში ცვლილებები აისახოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.