ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ჯანმრთელობის დაცვის სფეროს გრძელვადიანი განვითარების ხედვაზე მსჯელობს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ჯანმრთელობის დაცვის სფეროს გრძელვადიანი განვითარების ხედვაზე მსჯელობს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ჯანმრთელობის დაცვის სფეროს გრძელვადიანი ხედვაზე (2030 წლისთვის) მსჯელობს.

გრძელვადიანი განვითარების ხედვის საფუძველზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ოთხწლიან სამოქმედო გეგმას და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს შეიმუშავებს.

შემაჯამებელ შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, მისი მოადგილეები - დიმიტრი ხუნდაძე და ლევან კობერიძე, დეპუტატებთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე ექსპერტებთან ერთად, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.

ჯანმრთელობის დაცვის  სისტემის განვითარების ხედვაში მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე, მაღალკვალიფიციურ სამედიცინო ადამიანურ რესურსებზე , სამკურნალწამლო საშუალებებზე, ვაქცინებსა და ტექნოლოგიებზე, ასევე, ჯანდაცვის დაფინანსების სისტემაზე, მმართველობასა და ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემებზეა საუბარი. გაწერილია შესაბამისი ღონისძიებები და სამომავლო ნაბიჯები.

ხედვაში ასახული ამოცანები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მთავარ მიზანს ემსახურება: „საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჯანმრთელობის ფუნდამენტური უფლების რეალიზაციისთვის აქვს ხელმისაწვდომობა ხარისხიან ჯანდაცვით მომსახურებაზე და პროდუქტებზე ფინანსური ძნელბედობის გარეშე, ეფექტიანი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მეშვეობით".
შემაჯამებელ შეხვედრას რვა სამუშაო შეხვედრა უძღოდა წინ. რამდენიმე თვეა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის  ინიციატივით და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების უწყვეტი გაუმჯობესებისა და ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებაზე მუშაობენ.
  
„აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი, რადგან შეთანხმდება  და შეჯერდება  დარგის განვითარების ისეთი ხედვა, რომელიც საშუალებას მიცემს კომიტეტს, მოამზადოს კონკრეტულ მიზნებზე ორიენტირებული საკანონმდებლო სამუშაო გეგმა, რომლის მიზანი არის უნივერსალური ჯანდაცვა",- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ.
 
შემაჯამებელი შეხვედრა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.