ხელისუფლების მიერ მოლაპარაკებებისთვის ვითომ გამოწვდილი ხელი არის ფარსი და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუების მცდელობა

ხელისუფლების მიერ მოლაპარაკებებისთვის ვითომ გამოწვდილი ხელი არის ფარსი და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუების მცდელობა

ხელისუფლების წარმომადგენლების ურთიერთსაწინააღმდეგო და ალოგიკური განცხადებები აჩვენებს, რომ მათ მიერ მოლაპარაკებებისთვის ვითომ გამოწვდილი ხელი არის სრული ფარსი და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუების მცდელობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ საკონსტიტუციო რეფორმაზე საუბრისას განუცხადა.

ბოკუჩავას თქმით, სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო, რადგან ოპოზიციას და ვენეციის კომისიას სურს, რაიმე შეთანხმების შესაძლებლობა დატოვოს, თუმცა ამის პრეროგატივა, დეპუტატის თქმით, ხელისუფლების ხელშია.

„ხელისუფლებამ შეიყვანა ეს პროცესი ჩიხში და შესაბამისად, ახლა მათივე პასუხისმგებლობაა ისიც, რომ ამ ჩიხიდან გამოიყვანონ სიტუაცია და თავიდან დაიწყონ პროცესი, რომელიც გაითვალისწინებს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების, სამოქალაქო სექტორისა და ვენეციის კომისიის მოსაზრებას. ასე რომ, ახლა შედგება თუ არა კონსენსუსი და კონსენსუსზე სანამ ვისაუბრებთ, გამოვა თუ არა სიტუაცია ჩიხიდან, მთლიანად დამოკიდებულია ხელისუფლების კეთილ ნებაზე. სამწუხაროდ, სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო და ალოგიკური განცხადებები გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ერთი მხრივ, ისინი ამბობენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებებზე წავიდნენ, ხოლო, მეორე მხრივ, წინმსწრებად აცხადებენ, რომ არ აპირებენ კონსტიტუციის პროექტის პარლამენტიდან გამოწვევას. ორი მოსმენით მიღებული დოკუმენტი ნიშნავს იმას, რომ მასში ვერანაირი საფუძველიანი და საგნობრივი ცვლილებები ვეღარ შევა, რადგან კანონის მიხედვით, მესამე მოსმენაზე მხოლოდ და მხოლოდ რედაქციული ცვლილებები არის გათვალისწინებული. ე.ი. ისინი აპრიორი აცხადებენ, რომ არაფერს შეცვლიან დოკუმენტში, ხოლო, მეორე მხრივ, საუბრობენ დიალოგის სურვილზე. ეს ურთიერთსაწინააღმდეგო და ალოგიკური განცხადებები აჩვენებს, რომ ხელისუფლების ვითომ გამოწვდილი ხელი მოლაპარაკებებზე არის სრული ფარსი და მცდელობა, რომ მოატყუონ საერთაშორისო საზოგადოება. ქართულ საზოგადოებას ისინი ვერ მოატყუებენ, იმიტომ რომ ყველამ ძალიან ნათლად დაინახა, რა იყო მათ მიერ წარმართული საკონსტიტუციო პროცესი. ეს ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - გაეხანგრძლივებინათ ძალაუფლება და ქვეყნის უმაღლესი კანონი ბიძინა ივანიშვილზე მოერგოთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.