გიორგი აბდალაძე მეუბნებოდა, მე ამას ვერ გავუძლებო, მასზე ზეწოლა და წნეხი ყოველდღიური იყო

გიორგი აბდალაძე მეუბნებოდა, მე ამას ვერ გავუძლებო, მასზე ზეწოლა და წნეხი ყოველდღიური იყო

გიორგი აბდალაძე მეუბნებოდა - მე ამას ვერ გავუძლებო და თან მეუბნებოდა, არ მიმატოვოო, როგორც ჩანს, პერიოდულად დგებოდა ჩემი აცილების საკითხი, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა. ბესელიამ 2011 წელს განვითარებულ მოვლენებზე და მისი დაცვის ქვეშ მყოფზე განხორციელებულ ზეწოლის შესახებ ისაუბრა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა პირველი შეხვედრისას აბდალაძის ფსიქოლოგიური მდგომარეობა უკვე დამძიმებული იყო.

"აშაკარად ეტყობოდა, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო. ჩვენი შეხვედრების კონფიდენციალობა დარღვეული იყო. ამის მიუხედავად არ აღირებდა დანაშაულს და აპირებდა ბოლომდე ბრძოლას. იყო მუქარები ოჯახთან დაკავშირებით. ის დაკავების მომენტიდან შიმშილობდა და მითხრა, თუ შიმშილობას არ შეწყვეტდა ციხის ადმინისტრაცია მისი თანამესაკნის წამებით დაემუქრა. ამან საბოლოოდ შედეგი გამოიღო და შიმშილობა შეწყვიტა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, ყოველ მომდევნო შეხვედრისას გიორგი აბდალაძის მდგომარეობა უფრო მძიმდებოდა, ვინაიდან მასზე ზეწოლა და წნეხი ყოველდღიური იყო. ბესელიას თქმით, მისი და ფოტორეპორტიორის შეხვედრის კონფიდენციალობა მუდმივად ირღვეოდა, ვინაიდან ყველგან იყო მოსასმენი აპარატურა.

"ერთ-ერთ შეხვედრაზე გიორგი აბდალაძემ მითხრა - მე ამას ვერ გავუძლებ. თან მეუბნებოდა, რომ არ მიმატოვოო, როგორც ჩანს, ჩემი აცილების საკითხი დგებოდა პერიოდულად", - აღნიშნა ბესელიამ დაკითხვისას. 

დეპუტატმა ასევე ფოტორეპორტიორის მიერ აღიარებითი ჩვენების მიცემის პროცესიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ აბდალაძეს ჩვენება ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. 

"დაგვიბარეს ციხეში და როცა მივედით შეგვიყვანეს დირექტორის კაბინეტში. იქ უკვე გამზადებული იყო კამერა. მივხდი რაც იყო. საჩვენებელ დაკითხვას ამზადებდნენ. მოვითხოვე მარტო დავეტოვებინე გიორგისთან. თავიდან არ მტოვებდნენ, მაგრამ როცა ვთქვი, რომ არ მოვიღებდი მონაწილეობას ამ პროცესში მაშინ გავიდნენ. ვკითხე რას აპირებდა, მითხრა არ ვაპირებ ჩვენების მიცემასო. რომ ჩავეძიე ჟურნალის ყუაზე მიმიწერა, რომ ჯიბეში "ჟუჩოკი" მაქვსო. დაიწყო ჩვენების მიცემა. გამომძიებელმა სამჯერ ჰკითხა აღაირებდა თუ არა დანაშაულს? და მხოლოდ მესამე კითხვის შემდეგ თქვა, რომ აღიარებდა. დავწერე ოქმში ეს არ იყო ჩვენება, რომელსაც ადამიანი თავისუფლად აძლევს, ეს იყო ჩვენება, რომლითაც ადამიანი გააზრებულად იბრალებს დანაშაულს, რათა ციხიდან ცოცხალი გამოვიდეს", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 
დეპუტატის თქმით, გიორგი აბდალაძემ მოგვიანებით უამბო თუ რა ზეწოლა ხდებოდა მასზე, ჩვენების მიცემის წინა დღეს, მთელი ღამის განმავლობაში.
"მერე მომიყვა, რომ აღიარებითი ჩვენების მიცემამდე მთელი ღამე „ამუშავებდნენ“ კონტრდაზვერვის, პროკურატურის თანამშრომლები. როლები ჰქონდათ განაწილებული, როგორც ვიცი, ჩემი როლიც ჰქონდა ერთ-ერთს, როგორ მოვიქცეოდი ჩვენების მიცემისას და რა რეაგირება უნდა ჰქონოდა აბდალაძეს ამაზე", - დასძინა ბესელიამ დაკითხვისას. 

მისივე თქმით, საქმეს საპროცესო შეთანების გაფორმებისას ჩამოსცილდა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მას საპროცესო შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია და ამ პროცესში აბდალაძის ინტერესებს უკვე სხვა ადვოკატი იცავდა.