შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საკონსტიტუციო პროექტში რაიმე ძირეული ცვლილება აღარ შევა

შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საკონსტიტუციო პროექტში რაიმე ძირეული ცვლილება აღარ შევა

ჩვენმა ოპონენტებმა ცოტა ხნით მაინც თავი უნდა დაანებონ პოპულისტურ განცხადებებს და გასცენ პასუხი მთავარ კითხვას - რა შემთხვევში დაუჭერენ მხარს კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მიღწევის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

რაც შეეხება სტრასბურგში, სახელისუფლებო გუნდის, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრას ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან, მამუკა მდინარაძის თქმით, შეხვედრის ზუსტი თარიღი და სხვა დეტალები უახლოს პერიოდში დაზუსტდება.

„რაც შეეხება კონსენსუსს, მმართველმა გუნდმა არა მხოლოდ სიტყვით დაადასტურა მზაობა კონსენსუსისთვის, არამედ კომისიის ფარგლებში არაერთხელ გვითქვამს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, ჩვენი ოპონენტების, დამოუკიდებელი ექსპერტების შენიშვნებისა და რეკომენდაციების 70-80%-ზე მეტი გაითვალისწინა და ამგვარად შეიქმნა საკონსტიტუციო პროექტი, რომელიც ორი მოსმენითაა მიღებული და ეს კიდევ ერთხელ გადაეგზავნება ვენეციის კომისიას დასკვნისთვის. რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, რომლებიც ამ საკითხზე საუბრობენ, როდესაც ქვეყნის ძირითად კანონს ეხება საქმე, ცოტა ხნით მაინც უნდა შეძლონ და თავი დაანებონ პოპულისტურ განცხადებებს და გასცენ პასუხი მთავარ კითხვას - რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს. ეს მათ გამოიყვანს იმ ჩიხიდან, რომელშიც თავიანთი განცხადებებით შევიდნენ და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება რაიმე სახის შეთანხმებაზე საუბარი. ყველა სხვა მიდგომა მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მზად არ არიან კონსენსუსისთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის უკან გაწვევასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რაიმე ძირეული ცვლილება პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში აღარ შევა.

„ეს შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რადგან ჩვენ გვაქვს ნამდვილად პროგრესული და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული ქვეყნის ძირითადი კანონი, რომლის ტექსტი არის ძალიან კარგი და ეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა და ვენეციის კომისიის სხვა ექსპერტებმაც აღნიშნეს. რამდენად სერიოზულია ამ ფონზე ორი მოსმენით მიღებული ქვეყნის ძირითადი კანონის - კონსტიტუციის პროექტის უკან გამოწვევაზე საუბარი, როდესაც მათ დღემდე, ამ წუთამდე არ დაუფიქსირებიათ, რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს ამ პროექტს და რა არის ის ძირითადი საკითხები, რაც მათთვის პრინციპულია, რაც არის გადამწყვეტი და ეს უზრუნველყოფს, რომ კონსენსუსი შედგეს. ამაზე, ალბათ, საზოგადოებამ თავისი დასკვნები უნდა გამოიტანოს. მას შემდეგ, რაც ისინი ამ მთავარ კითხვაზე პასუხს გასცემენ, შესაძლებელია, დიალოგი და მსჯელობა ნებისმიერ საკითხზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე - ოპოზიციის ერთ-ერთი პრინციპული მოთხოვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხება, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა არაერთი განცხადება გააკეთა და გარდამავალი ეტაპის დადგენის მიზეზებზე საზოგადოებას ვრცელი განმარტებები მისცა.

„ეს იყო ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი, რაც კი შეიძლებოდა იმ გარანტიისთვის მიგვეღო, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, ნამდვილად გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. ჩვენ არ უნდა დავუშვათ წინა პარლამენტის მიერ იმავე საკითხზე მუშაობის დროს დაშვებული შეცდომა, რამაც უზრუნველყო, რომ ჩვენ 2020 წელს ვერ გადავედით პროპორციულ სისტემაზე. შესაბამისად, ისინი ახმოვანებენ მხოლოდ ულტიმატუმებსა და მოთხოვნებს და იმ კითხვაზე - ამა და ამ შემთხვევაში დაუჭერენ თუ არა ცვლილებებს მხარს, მათ პასუხი არ გაუციათ. ამ კითხვაზე პასუხის გაუცემლობა ნიშნავს იმას, რომ ისინი კონსენსუსზე არ მოდიან. ეს იყო მათი გადაწყვეტილება და მათი განცხადებების უკან ეს ყოველთვის ჩანდა კომისიის მუშაობის დაწყების დღიდან და დღესაც იგივე გრძელდება. ამიტომ ახლა მათ მხარესაა პასუხისმგებლობის ისარი გადახრილი და მათ უნდა თქვან, რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რის შემდეგაც შესაძლებელია დიალოგზე საუბარი და შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ იქნებ კონსენსუსი შედგეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში შეუძლებელია ცვლილებების შეტანა, მაშინ რა აზრი აქვს ოპოზიციის მხრიდან მოთხოვნების დაფიქსირებას, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციას აქვს ვალდებულება, დააფიქსიროს თავისი პოზიცია კონსენსუსის მიღწევის საქმეში, „ამის შემდეგ შესაძლებელია მმართველმა გუნდმა ვიფიქროთ, იურიდიულ მექანიზმებზე“.

„დღეს არანაირ დიალოგს, არანაირ საუბარს, შეთანხმებას აზრი არ აქვს, რადგან ჩვენ არ ვიცით მათი პოზიცია კონსენსუსის მიღწევასთან მიმართებით - რისთვის არიან მზად და რა შემთხვევაში უჭერენ მხარს საკონსტიტუციო პროექტს. ამის შემდეგ შესაძლებელია ვიფიქროთ იურიდიულ მექანიზმებზე. დღეს ამაზე ფიქრსაც კი აზრი არ აქვს“, - განაცხადა მდინარაძემ.