ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან შეხვედრა შეაჯამა

ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან შეხვედრა შეაჯამა

გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე შევთანხმდით იმაზე, რომ შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად განვსაზღვრავთ, თუ როდის მოხდება საზღვრებზე შვეიცარიელი მონიტორების განთავსებაზე კონტრაქტების გაფორმება, - ამის შესახებ პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც პრაღაში ვიზიტი შეაჯამა.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ქართული მხარის ამოცანა იყო მიეღო კონკრეტული პასუხი, 2011 წელს საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის საბაჟო მონიტორინგის თაობაზე გაფორმებული შეთანხმების თაობაზე.

„ჩვენი ამოცანა იყო მიგვეღო რაღაც კონკრეტული, ნათელი პასუხი რუსეთის მხრიდან, ვიწყებთ თუ არა ამ შეთანხმების რეალიზაციის, იმპლემენტაციის ეტაპს. დავაყენეთ საკითხი იმ კუთხით, რომ შევთანხდეთ უკვე, განვსაზღვროთ ვადები, როდის შეიძლება მოეწეროს ამ შეთანხმებას ხელი. საქართველოს მხარე ცალსახად არის დაინტერესებული, რომ ეს შეთანხმება ამოქმედდეს. შევთანხმდით იმაზე, რომ შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად განვსაზღვრავთ, თუ როდის მოხდება ამ კონტრაქტების გაფორმება შვეიცარიულ კომპანიასთან საქართველოში და რუსეთის მხრიდანაც ანალოგიური კონტრაქტის გაფორმება შვეიცარიულ კომპანიასთან. ამაზე ვიმუშავებთ შვეიცარიელებთან ერთად. სასურველია უახლოეს პერიოდში მოხდეს ეს და გადავიდეთ იმპლემენტაციის სტადიაზე“,- განაცხადა აბაშიძემ.

შვეიცარიელი მონიტორების საკითხი ეხება შვეიცარული კომპანიის SGS-ის ამოქმედებას იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც 2011 წელს მიღწეულ იქნა საქართველოსა და რუსეთს შორის, რუსეთის WTO-ში გაწევრიანების პროცესში. ეს გულისხმობს საბაჟო ადმინისტრირებასა და ტვირთების გადაადგილების მონიტორინგის მექანიზმის ჩამოყალიბებას და მის რეალიზაციას.