ევროკავშირის წარმომადგენლებმა დაადასტურეს რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს პოლიტიკის მხარდაჭერა

ევროკავშირის წარმომადგენლებმა დაადასტურეს რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს პოლიტიკის მხარდაჭერა

ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს პოლიტიკის მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში და ხაზი გაუსვეს კომუნიკაციის, დიალოგის შენარჩუნების აუცილებლობას,- ამის შესახებ პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ბრიუსელსა და პრაღაში ვიზიტი შეაჯამა.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ბრიუსელში, ევროკავშირის სტრუქტურებში ის და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდნენ ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს, გენერალურ მდივანს, პოლიტიკური კომიტეტის წევრი ქვეყნების ელჩებს.

„შედგა საუბარი ევროკავშირის თანამშრომლობის თემატიკაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე უსაფრთხოების კუთხით. დავით დონდუამ დეტალურად ისაუბრა ჟენევაში მიმდინარე დისკუსიებზე. მე გავაცანი ჩვენს კოლეგებს პრაღის ფორმატის მიმდინარეობა. ვისაუბრეთ იმ სირთულეებზე, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო ხაზზე, მათ შორის ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებზე სოფელ ბერშუეთთან. ამ თემაზე იყო საკმაოდ დეტალური საუბარი.

რაც შეეხება პრაღის ფორმატს, ამაზე ითქვა, რომ სავაჭრო ურთიერთობები, ასევე გარკვეული ჰუმანიტარული ურთიერთობები აღდგა რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ურთიერთობები არ აისახა რუსეთის პოლიტიკაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ.

თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს პოლიტიკის მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში და ხაზი გაუსვეს კომუნიკაციის, დიალოგის შენარჩუნების აუცილებლობას“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.