ხელისუფლება რეალურად არაფერს აკეთებს საერთაშორისო დონეზე საქართველოს ინტერესების დასაცავად

ხელისუფლება რეალურად არაფერს აკეთებს საერთაშორისო დონეზე საქართველოს ინტერესების დასაცავად

ხელისუფლება რეალურად არაფერს აკეთებს საერთაშორისო, დიპლომატიურ-პოლიტიკურ დონეზე საქართველოს ინტერესების დასაცავად, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო რამდენიმე თვეა უკვე, არსად, არც ერთი მაღალი დონის განცხადებაში საქართველოს ოკუპაციაზე საუბარი არ ყოფილა.

„აი ახლაც, ბოლო პერიოდში, ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის პრეზიდენტის იუნკერის განცხადება, რომელმაც მკაფიოდ ისაუბრა მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმზე. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის და მდივან ტილერსონის განცხადებები, რომლებმაც ასევე მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმზე ისაუბრეს. ჩვენ მოვისმინეთ ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე გაკეთებული განცხადებები, სადაც კვლავ საუბარი იყო მხოლოდ უკრაინაზე. აი, ეს არის ფაქტები და ეს არის ხელისუფლების მუშაობის შედეგი. რაში გამოიხატება მათი მუშაობა, თუ ჩვენი ყველა უცხოელი, მაღალი დონის პარტნიორი საჯაროდ საუბრობს მხოლოდ უკრაინაზე და საქართველოს არავინ ახსენებს, ამიტომ ეს ფაქტები ძალიან ნათლად აჩვენებს იმას, თუ ვინ ჭორაობს. ძალიან ნათლად აჩვენებს იმას, თუ ვისზეა პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ იმ ნაწილში, სადაც რუსეთთან უნდა იყოს დიალოგი და არ უნდა ავყვეთ პროვოკაციას, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით, მაგრამ მეორე ნაწილში, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველომ არ უნდა დათმოს და პოლიტიკური საშუალებებით უნდა დაიცვას საკუთარი ინტერესი, ჩვენ ხელისუფლებას რადიკალურად არ ვეთანხმებით. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება, რეალურად, არაფერს არ აკეთებს საერთაშორისო დონეზე, დიპლომატიურ-პოლიტიკურ დონეზე საქართველოს ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.