საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით მყარი მოტივაცია უნდა არსებობდეს

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით მყარი მოტივაცია უნდა არსებობდეს

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით მყარი მოტივაცია უნდა არსებობდეს - თუ მოტივაცია არის ის, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ პარტიებს ჰქონდეთ, ამის განხორციელების აუცილებლობას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

ქუცნაშვილის აზრით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება და სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა პოლიტიკაში პარტიული მონოპოლიზმის დამკვიდრებას ნიშნავს, რასაც ის მხარს არ უჭერს.

“ვიყავი და ვრჩები მონოპოლიზმის წინააღმდეგი, შეეხება ეს პოლიტიკურ, საზოგადოებრივ თუ ბიზნესს სფეროს. მონოპოლიზმი ნებისმიერ სფეროში ჩემთვის მიუღებელია. პარტიები ითხოვენ, რომ მარტო მათ ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, ხოლო მოქალაქეებს, ხალხს ეს უფლება ჩამოერთვათ. ეს არის მთელი მათი დისკუსიის თემა. აქ უკვე ნათელია მიდგომის არსი. არ ვარ მოლაპარაკების მხარე. აქედან გამომდინარე, გამიჭირდება გითხრათ, რას მიაღწევენ პარტიები ერთმანეთში კამათისას. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს მყარი მოტივაცია - თუ მყარი მოტივაცია არ იქნება და არის სურვილი იმისა, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ პარტიებს ჰქონდეთ, ამის განხორციელების აუცილებლობას მე ვერ ვხედავ”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ზაქარია ქუცნაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, ქალაქ სტრასბურგში, სახელისუფლებო გუნდის, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. მხარეები სწორედ ამ ფორმატში შეეცდებიან იმ საკითხებზე შეთანხმებას, რომელიც თავის მხრივ, კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს უკავშირდება. წინასწარი ინფორმაციით, დისკუსიის მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იქნება.