კონსულის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ისრაელში შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებელი შემცირებულია

კონსულის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ისრაელში შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებელი შემცირებულია

შემცირებულია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საქართველოდან ისრაელში არამიზნობრივად მოემართებიან და შესაბამისად, ისრაელში შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებელიც შემცირებულია, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც კონსულმა განმარტა, ეს გარკვეულწილად დაკავშირებულია საქართველოს უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეყვანასთან.

„წლის დასაწყისში გვქონდა ძალიან მძიმე სიტუაცია, პრესაშიც იყო ამის თაობაზე ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოემართებოდა და სწორედაც რომ თავშესაფრის მოთხოვნით მიმართავდნენ ისრაელს. მას შემდეგ, რაც 27 თებერვალს საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს, მარტის თვეში ინერციით გაგრძელდა სირთულეები, მაგრამ რაც შეეხება აპრილს და მაისს, ჩვენ გვაქვს საგრძნობი გაუმჯობესება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი რესურსებიდან და უფლებამოსილებიდან გამომდინარე ვახორციელებთ მონიტორინგს, რა პროცესები მიმდინარეობს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაკლებულია რაოდენობა იმ ადამიანების, რომლებიც არამიზნობრივად მოემართებიან ისრაელში და შესაბამისად, უარის თქმის მაჩვენებელი შემცირებულია.

ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ჩვენ ახლა გვაქვს მაღალი ტურისტული სეზონი. თბილისსა და თელავივს შორის კვირაში 23 პირდაპირი ფრენა ხორციელდება, ასევე არსებობს სხვა მარშუტები ისრაელში მოსახვედრად, სხვა ქვეყნების გავლით და თუ ამ გარემოებასაც გავითვალისწინებთ, მაჩვენებელი ამ კუთხით არის დაკლებული.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა ის სამუშაოები, რომელიც ისრაელის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებმა და შესაბამისმა უწყებებმა გასწიეს“, - განაცხადა ალექსანდრე ჯიშკარიანმა.

ამასთან, როგორც კონსულმა განაცხადა, ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურმა ამ დღეებში გამოსცა ახალი რეგულაცია მოქალაქეთა, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ისრაელის საზღვრის კვეთის პროცედურებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, 28 მიზეზი განისაზღვრა, რის გამოც შესაძლოა პირს უარი ეთქვას ისრაელში შესვლაზე. რეგულაციაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის ეს 28 მიზეზი არ არის საბოლოო და მესაზღვრეს უფლება აქვს უარი უთხრას პირს ისრაელში შესვლაზე სხვა მიზეზების გამოც.

ეს მიზეზებია: 1. უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კუთხით არსებული ინფორმაცია; 2. მოწვევის არქონა (იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ისრაელს გააჩნია სავიზო რეჟიმი); 3. ისრაელში ვიზიტი პირთან, რომელიც არ არის ისრაელის მოქალაქე ან ისრაელის მუდმივი მაცხოვრებელი; 4. ცრუ ინფორმაციის წარდგენა მესაზღვრესთან გასაუბრების დროს; 5. ეჭვი, რომ მოქალაქის ვიზიტის მიზანია ისრაელში დარჩენა; 6. ვიზიტის მიზანი გაურკვეველია; 7. მესაზღვრესთან თანამშრომლობაზე უარის თქმა; 8. შეუსაბამოდ გაცემული ვიზა (ვიზის ტიპი); 9. ისრაელში ოჯახის წევრების ყოფნა, რომლებიც არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და დასაქმენული არიან ისრაელში; 10. ვიზის არქონა; 11. მოწვევის არქონა; 12. შემოსვლის ნებართვის არქონა (მხოლოდ „ალენბის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან შემომავალი პირების შემთხვევაში); 13. ვიზიტის მიზანია არალეგალური დასაქმება; 14. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა; 15. ეჭვი, რომ მოქალაქე მოემართება ისრაელში მუდმივად დასარჩენად; 16. ეჭვი, რომ მოქალაქემ შესაძლოა პრობლემები შეუქმნას სახელმწიფოს; 17. ეჭვი, რომ მოქალაქე შესაძლოა დაკავდეს მისიონერული საქმიანობით; 18. მინიმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობა; 19. თუ პირს ადრე უარი უთხრეს ისრაელში შემოსვლაზე; 20. როდესაც პირმა მაქსიმალურად გამოიყენა ისრაელში მუშაობის ნებართვით განკუთვნილი პერიოდი; 21. თუ ადრე პირი ლეგალურად მუშაობდა ისრაელში და ჩამოვიდა ისრაელში, როგორც ტურისტი; 22. დაარღვია სავიზო რეჟიმი და გადააჭარბა ნებადართულ დღეთა რაოდენობას; 23. ისრაელის სახელმწიფოში უკვე იმყოფებოდა არალეგალურად; 24. ე.წ. BDS-ის ფარგლებში საქმიანობა (გულისხმობს ისრაელის ბოიკოტირებასა და მის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას); 25. მოქალაქე იყენებს გაყალბებულ მონაცემებს, დოკუმენტებს ან არსებობს მის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული ეჭვები, რომ იყენებს სხვა პიროვნების მონაცემებს; 26. ძალადობრივი ქცევა; 27. გაურკვეველია შემოსვლის მიზანი; 28. ეჭვი, რომ საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს.