საქართველოს მოქალაქების მიერ ისრაელში თავშესაფრის მოთხოვნა თითქმის ნულამდეა შემცირებული, როცა თვეში 450-მდე განცხადება შედიოდა

საქართველოს მოქალაქების მიერ ისრაელში თავშესაფრის მოთხოვნა თითქმის ნულამდეა შემცირებული, როცა თვეში 450-მდე განცხადება შედიოდა

საქართველოდან ისრაელში პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ბოლო ერთი თვის მანძილზე მინიმუმამდეა შემცირებული, მაშინ როდესაც, წლის დასაწყისში ისრაელის საიმიგრაციო სამსახურში თვეში 400-450 განცხადება შედიოდა, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა ისრაელის მიერ 2017 წლის 27 თებერვალს საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანამ და ასევე, 2017 წლის 17 აპრილიდან ამოქმედებულმა რეგულაციამ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურს მიმართავენ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით, განხილულ იქნება დაჩქარებული წესით, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს უარს ეტყვიან განცხადების განხილვაზე, მის მიმართ დაუყოვნებლივ დაიწყება ისრაელის სახელმწიფოდან იძულებით გაძევების (დეპორტაციის) პროცედურები.

„ისრაელთან უვიზო მიმოსვლა 2014 წელს ამოქმედდა. რა თქმა უნდა, ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ამით კეთილსინდისიერად, მაგრამ წარმოიქმნა ასევე არალეგალური მიგრაციის კუთხით პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო არამიზნობრივ ვიზიტებთან, ასევე წარმოიქმნა ე.წ. პოლიტიკურ თავშესაფრის მაძიებელთა პრობლემები. როდესაც მოქალაქეებს შეჰქონდათ განცხადება პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით, სანამ ეს განცხადება იხილებოდა, მათ ეძლეოდათ საბუთი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებლობა ჰქონდათ ლეგალურად დასაქმებულიყვნენ ამ ქვეყანაში. ეს შეიცვალა 27 თებერვალს, მას შემდეგ, რაც აღნიშნული განცხადებით მიმართვის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ისრაელის საიმიგრაციო სამსახურში. მას შემდეგ, რაც თავი იჩინა ამ პრობლემამ და ასევე, ცხადი იყო, რომ საქართველოდან პოლიტიკური დევნა არავის ემუქრებოდა, შესაბამისად, 27 თებერვალს მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველოს ე.წ. უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს. საქართველო გამოცხადდა უსაფრთხო ქვეყნად, სადაც მოქალაქეებს რაიმე ნიშნით არ დევნიან და მათ საფრთხე არ ემუქრებათ უკან დაბრუნების შემთხვევაში. ამ გადაწყვეტილებით მოქალაქეებს, ვინც პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვდა, ავტომატურად შეეზღუდათ კანონიერი დასაქმების უფლება, უფრო მეტიც, გაფრთხილება გაეგზავნა ყველა ორგანიზაციას და დაწესებულებას, რომ ისინი დაჯარიმდებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ დაასაქმებდნენ ასეთი დოკუმენტის მფლობელ პირს“,- განაცხადა ალექსანდრე ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, 27 თებერვლის შემდეგ ისრაელის საიმიგრაციო სამსახურში პოლიტიკური თავშესაფრის თაობაზე განცხადების შეტანამ აზრი დაკარგა და შესაბამისად, ასეთი განცხადებებიც მკვეთრად შემცირდა.

„ეს პროცესი ინერციით გაგრძელდა რაღაც პერიოდი, მაგრამ მიმდინარე წლის მაისის თვეში თითქმის ნულამდე დავიდა ისრაელში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნაზე განცხადება. არავინ არ მიდის და არ შეაქვს განცხადება პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით, მაშინ როდესაც მაგალითად, წლის დასაწყისში 400-450 განცხადება შედიოდა თვეში. პრაქტიკულად ის თემა, რასაც ჰქვია თავშესაფრის მოთხოვნა და ამ საბუთით დასაქმება, ამოიწურა. ამაზე გარკვეულწილად 17 აპრილის გადაწყვეტილებამაც იმოქმედა. საყურადღებოა ისიც, რომ 17 აპრილის გადაწყვეტილება შეეხებოდა იმ მოქალაქეებს, ვინც 27 თებერვლის მერე შეიტანდნენ განცხადებას. მაგრამ, ვისაც 27 თებერვალმდე აქვს პოლიტიკურ თავშესაფარზე განცხადება შეტანილი, მათი განხილვა გრძელდება ინდივიდუალურ რეჟიმში. არიან მოქალაქეები, ვისაც გაუგრძელეს რამდენიმე თვე, მაგრამ ასევე არიან, რომელთაც უთხრეს, რომ მათ უნდა დატოვონ ისრაელის ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ჩაითვლებიან არალეგალებად და მოხდება მათი დაკავება, შემდეგ კი დეპორტაცია. მოქალაქეთა ნაწილი ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის ამ მითითებას ითვალისწინებს, ნაწილი არ ითვალისწინებს და ვინც არ ითვალისწინებს, ისრაელის კანონმდებლობის მიხედვით ხდება მათი დაკავება და საქართველოში დეპორტაცია“, - განმარტა ალექსანდრე ჯიშკარიანმა.