გიორგი მღებრიშვილი ან არ არის სრულად ინფორმირებული, ან გამოძიება მხოლოდ გამოძიებისათვის ტარდება

გიორგი მღებრიშვილი ან არ არის სრულად ინფორმირებული, ან გამოძიება მხოლოდ გამოძიებისათვის ტარდება

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ან არ არის სრულად ინფორმირებული, ან გამოძიება მხოლოდ გამოძიებისათვის ტარდება, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა სახლის იურისტი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი შს მინისტრის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც საქმის მასალები სრულად გადაეცა ჟურნალისტის ადვოკატს.

არჩილ ჩოფიკაშვილი გიორგი მღებრიშვილს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განმარტა, რომ მას საქმის მასალების გაცნობა მხოლოდ ერთჯერადად მიეცა. ჩოფიკაშვილი მიიჩნევს, რომ გამომძიებლების დრო არარაციონალურად იხარჯებოდა.

”აფგან მუხთარლის საქმის წერილობითი მასალების ერთჯერადად გაცნობის უფლება 13 ივნისს მომეცა, ასევე ერთჯერადად 16 ივნისს, ვიდეოჩანაწერების გაცნობის შესაძლებლობა რომელიც ჰქონდა გამოძიებას. ამ მომენტისთვის გამოძიებას ჰქონდა 8 ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი (ჯამში დაახლოებით 60 საათი). ძირითადი ვიდეომასალა ამოღებული იყო ბარათაშვილის ქუჩის და მიმდებარე სათვალთვალო კამერებიდან, ვინაიდან ეს ვიდეომასალა ვერ უზრუნველყოფდა გამოძიების ინტერესებს, ასევე, ჩანაწერების ამოღება დაწყებული იყო 6 ივნისს (დაგვიანებით) ასევე, მოგროვებული იყო ასობით მოწმეთა ჩვენება ვისაც არაფერი არ გაუგია და დაუნახავს (არარაციონალურად იხარეჯებოდა გამომძიებლების დრო) სწორედ ამ ფაქტებმა ჩემი გაკვირვება გამოიწვია და წერილობით მოვითხოვე ნიაღვარის ქუჩის მიმდებარედ, აეროპორტის გზატკეცილზე და ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ვიდეოჩანაწერების ამოღება და ანალიტიკური დამუშავება”, -წერს არჩილ ჩოფიკაშვილი.

ადვოკატი კვლავ ითხოვს, დადგინდეს, თუ როგორ დატოვა საზღვარი აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა.

”16 ივნისიდან დღემდე, უშედეგოდ ვითხოვ გადმომეცეს საქმის მასალების ასლები და მათ შორის ვიდეოჩანაწერების ასლები. 16 ივნისიდან, არ გვაძლევენ დამატებით საქმის გაცნობის შესაძლებლობასაც. ამ ფონზე, შსს მინისტრის განცხადება რომ ,,ამოღებული ჩანაწერები ყველა იმ ადგილიდან, რომელიც სამართალდამცველებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატმა მიუთითა, გადაეცა აფგან მუხთარლის ადვოკატსაც, თუმცა მას „არ მოეწონა“, რადგან გატაცება არ ჩანს.,, მიუთითებს, რომ ის ან არ არის სრულად ინფორმირებული ან, გამოძიება მხოლოდ გამოძიებისათვის ტარდება. არასდროს არც მე და არც დაზარალებულ მხარეს არ გვქონია ილუზია, რომ გამტაცებლები ვიდეოკამერის წინ განახორციელებდნენ გატაცებას და ეს ასახული იქნებოდა სათვალთვალო კამერების მიერ.

ვიდეოჩანაწერების ანალიტიკური დამუშავებით უნდა დადგინდეს სატრანსპორტო საშუალება და მგზავრების ვინაობა რომლებიც ფიქსირდება ნიაღვარის ქუჩის მიმდებარედ და შემდგომ აეროპორტის გზატკეცილის მიმართულებით საგარეჯომდე, პარალელურად, უნდა ხორციელდებოდეს ოპერატიული საქმიანობა, უნდა არსებობდეს პასუხი მოხდა თუ არა კონკრეტული ვიდეოჩანაწერის განადგურება და ა.შ. და ა.შ. ვინაიდან, დაზარალებულის განცხადებით აქ შესაძლოა გარეული იყვნენ შსს-ს თანამშრომლები, ვინაიდან, საზღვრის სამსახურმა არაფერი არ იცის როგორ გადალახა საზღვარი დაზარალებულმა, ამ საქმეს უნდა იძიებდეს არა შსს. ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივია”, - ნათქვამია აფგან მუხთარლის ადვოკატის განცხადებაში.

„ჩვენ ხელოვნურად ვერ დავდგამთ აფგან მუხთარლის გატაცების სცენებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. როგორც მღებრიშვილმა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ამოღებული ჩანაწერები ყველა იმ ადგილიდან, რომელიც სამართალდამცველებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატმა მიუთითა, გადაეცა აფგან მუხთარლის ადვოკატსაც, თუმცა მას „არ მოეწონა“, რადგან გატაცება არ ჩანს.