საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება გაკეთებულია, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გამოვა რომელიმე ევროპული ქვეყანა და ატომურ რაკეტას გაუშვებს, ეს არ მოხდება

საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება გაკეთებულია, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გამოვა რომელიმე ევროპული ქვეყანა და ატომურ რაკეტას გაუშვებს, ეს არ მოხდება

საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება გაკეთებულია და ამაზე მეტს, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გამოვა რომელიმე ევროპული ქვეყანა და ატომურ რაკეტას გაუშვებს, ეს არ მოხდება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა სოფელ ბერშუეთსა და ზემო სობისში რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

სოზარ სუბარის აზრით, ამ თემის გაშუქება „რაღაცნაირად არასწორ კონტექსტში“ ხდება, ვინაიდან ოკუპაცია დაიწყო 90-იან წლებში და დასრულდა 2008 წელს, ხოლო „ყოველი ბანერის დასმით რამე ახალი თვისობრივად არ იცვლება“.

“ზოგადად, საზღვრების გადმოწევა და ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული თემა, რაც გვაქვს, მაგრამ მაინც მგონია, რომ რაღაცნაირად არასწორ კონტექსტში ვაშუქებთ ხოლმე. ოკუპაცია დაიწყო 90-იან წლებში, ოკუპაციას წერტილი დაესვა 2008 წელს - ამას ვივიწყებთ და რატომღაც გვგონია, რომ ყოველი ახალი ბანერის დადგმა ახალი ოკუპაციაა. ეს ოკუპაცია მოხდა, რუსეთი არის ოკუპანტი და ეს ოკუპაცია რომ დავამთავროთ, ამისთვის არსებობს ორი გზა: პირველი - საქართველო გახდეს ეკონომიკურად ძლიერი, განვითარებული, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც დასავლური სამყაროს ღირსეული წევრი გახდება და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს შანსი, გავხდეთ მიზიდულობის ცენტრი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის და აუცილებლად აღდგება ტერიტორიული მთლიანობა; მეორე გზა არის, გვქონდეს უფრო მეტი ატომური ბომბი, გვყავდეს უფრო მეტი ტანკი, გვყავდეს უფრო მეტი თვითმფრინავი, ვიდრე რუსეთს და ძალით დავიბრუნოთ - ეს ვერ მოხდება და არ მოხდება. ამიტომაც, როდესაც საუბარია საზღვრის გადმოწევაზე 200 მეტრით, 700 მეტრით, 10 ჰექტარით თუ 15 ჰექტარით, ეს გადმოწეულია რამდენიმე ათეული კილომეტრით 2008 წლის შემდეგ. ოკუპაცია უნდა დავასრულოთ და ვსაუბრობთ არა მეტრებზე, არამედ ვლაპარაკობთ მთლიანად სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქზე, რომლის საზღვრები აღადგინა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის ომის წინ. ვლაპარაკობთ მთლიანად აფხაზეთზე, თავის კოდორის ხეობიანად, რომელიც ასევე მიხეილ სააკაშვილმა ჩააბარა რუსეთს 2008 წელს, მანამდე შეინარჩუნეს იქაურმა მცხოვრებელმა კოდორელებმა. ეს უნდა დამთავრეს და ყოველი ბანერის დასმით რამე ახალი თვისობრივად არ იცვლება. ჩვენ გზა არის ჩვენი ინტეგრაცია ევროპაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერება, დემოკრატიის გაძლიერება, რომ ერთ მშვენიერ დღეს დადგეს დრო, როდესაც აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც გამთლიანდა გერმანია“, - განაცხადა სუბარმა.

მინისტრის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება ყოველდღიურად ხდება.

„ამაზე მეტს, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გამოვა ახლა რომელიმე ევროპული ქვეყანა, დააჭერს ღილაკს ხელს და ატომურ რაკეტას გაუშვებს, ეს არ მოხდება. მაქსიმალური მუშაობა მიმდინარეობს ყოველდღიურად. რაც შეეხება საზღვრების გადმოწევას, აქ ლაპარაკი არ არის მეტრებზე, ლაპარაკია ათეულობით ათას კვადრატულ კილომეტრზე“, - აღნიშნა სუბარმა.

რაც შეეხება რუსი სამხედროების ცენტრალურ ავტომაგისტრალთან მოახლოების საფრთხეს, სოზარ სუბარის თქმით, ესეც 2008 წელს მოხდა.

„ავტომაგისტრალთან 2008 წელს რომ მოახლოვდნენ, ისევ იქ დგანან და თუ შეგვიძლია იარაღით დავახევინოთ, დავახევინოთ, თუ არადა, ჩვენი გზა არის ქვეყნის განვითარება. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი უმთავრესი რეგიონი. როცა საუბარია კონკრეტულად საზღვარზე, მოდი ავიღოთ რუკა, მე ზუსტად არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ის, რომ რომელიმე ფერმერის მოხნულ მიწაზე გაავლეს საზღვარი, იქ გადის თუ არა ადმინისტრაციული საზღვარი, თუ საზღვრის აქეთ მოხდა, ეს მე არ ვიცი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საზღვარი გადის კავკასიონის ქედზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ადგილზე მინისტრების ჩასვლისა და საერთაშორისო მედიის ყურადღების მობილიზების მიზანშეწონილობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ კი სოზარ სუბარმა განაცხადა: „ოკუპირებულია ყირიმი და საერთაშორისო მედიაც აქცევს ყურადღებას, მაგრამ ყირიმის დაბრუნების გზა უკრაინაში გადის არა იმაზე, რომელიმე მინისტრი ჩავა თუ არა რომელიმე დღეს, არამედ იმაზე, რა პოლიტიკა გატარდება მსოფლიოში რუსეთის აგრესიის აღსაკვეთად“.