გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისის სიახლოვეს კიდევ ერთი ე.წ. სასაზღვრო ბანერის დამონტაჟების ფაქტს მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი გამოეხმაურა.
„ძალიან ცუდია, მაგრამ ფაქტია, რომ მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. ახალი ბანერის დამონტაჟების საფუძველზე, რამდენიმე ოჯახს საკუთარ მიწის ნაკვეთებზე შესვლა შეეზღუდა, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი დღეს ან გუშინ არ დაწყებულა. 2008 წლის შემდგომ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები პერიოდულად აქტიურდებიან და ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრის სიახლოვეს მსგავს ნაგებობებს ამონტაჟებენ. ეს სწორედ ის ნაკვეთებია, სადაც შარშანწინ ხვნა-თესვის სამუშაოები გახდა დაპირისპირების მიზეზი, შარშან კი - მოსავლის აღება. მომხდართან და მორიგ პროვოკაციულ ქმედებასთან დაკავშირებით, უკვე ყველა შესაბამისი სამსახური საქმის კურსშია, ინფორმაციას ფლობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც“, - განაცხადა დავით ონიაშვილმა.
რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლებმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე. წ. საზღვრის მიმდებარედ საფორთიფიკაციო სამუშაოები განაახლეს.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სოფლების - ბერშუეთისა და სობისის განაპირას შეიარაღებულმა ფორმიანებმა ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილ მიწის ნაკვეთებში ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი კიდევ ერთი მწვანე ბანერი დაამონტაჟეს.