სერბეთი თუ დადგება არჩევანის წინაშე - რუსეთთან კავშირები ან ევროკავშირში შესვლა, ევროკავშირს აირჩევს. აღნიშნულის შესახებ სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა სააგენტო Bloomberg-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ემოციური კავშირები გვაქვს რუსეთთან, რაც ტრადიციებს, მრწამსა და კულტურას უკავშირდება. სერბეთში ბევრია ისეთი, ვინც რუსეთს როგორც უფროს ძმას, დამცველს აღიქვამს, მაგრამ ევროკავშირი ჩვენი სტრატეგიული გზაა“, - განაცხადა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, თავისი მანდატის დასრულებამდე ის ქვეყანას მოამზადებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, თუმცა ყველაფერი ევროკავშირის სურვილზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა ახალ წევრებს.
კითხვაზე, სერბეთი მომავალშიც იტყვის თუ არა უარს რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, ბრნაბიჩმა უპასუხა, რომ ამის დაპირება არ შეუძლია.
„არ შემიძლია ახლა ამაზე რაიმე კომენტარის გაკეთება, ვინაიდან ბალკანეთის რეგიონში რთულია ვალდებულებების აღება, ეს რთული რეგიონია“, - დასძინა პრემიერმა.