დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების მიერ ეკლესიის მეთაურის მისამართით ასეთი განცხადებების გაკეთება, უკიდურეს კადნიერებად მიგვაჩნია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, რომელმაც დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებთან მიმართებაში უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა.
მისივე განმარტებით, კატეგორიულად მიუღებელია პატრიარქთან შეხვედრის საკითხზე წინაპირობების დაყენება.
„კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს უარყოფით დამოკიდებულებას მათი საქციელის მიმართ. ეკლესიის მეთაურის მისამართით ასეთი განცხადებების გაკეთება უკიდურეს კადნიერებად მიგვაჩნია. ადამიანები ოცნებობენ პატრიარქს შეხვდნენ. ისინი აყენებენ წინაპირობას, ასეთ შემთხვევაში შევხვდებით, ისეთ შემთხვევაში შევხვდებითო. ეს კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ უწმინდესის ბუნებიდან და მისი ხასიათიდან გამომდინარე, ის მაინც დათანხმდა მათთან შეხვედრას, რადგანაც ოჯახის წევრები ასე დაჟინებით ითხოვენ. ერთხელაც იყო დაგეგმილი ასეთი შეხვედრა, მაგრამ არ მოვიდნენ და უწმინდესი მთელი საათი ალოდინეს. იმის ღირსიც არ გაგვხადეს, რომ შემოეთვალათ და ეთქვათ, ადვოკატების გარეშე ჩვენ არ მოვდივართო“, - განაცხადა მამა მიქაელმა.
მისივე თქმით, პატრიარქის გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს უკვე შეტყობინეს.
უწმინდესი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს 21 ივნისს, 13:00 საათზე მიიღებს.