უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები პარლამენტის ქუთაისის სასახლეს ესტუმრნენ

უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები პარლამენტის ქუთაისის სასახლეს ესტუმრნენ

საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფმა უკრაინის საპარლამენტო დელეგაციამ პარლამენტის ქუთაისის სასახლე დაათვალიერა. უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის პარლამენტში სტუმრობა, გაცვლითი პროგრამით, ქალაქ ლვოვის გიმნაზიის მოსწავლეთა ქუთაისში ყოფნას დაემთხვა. ქუთაისის N47 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დეპუტატის, გენადი მარგველაშვილის ინიციატივით, მეგობრობის ჯგუფის წევრებმა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„პარლამენტის ქუთაისის სასახლეში უკრაინის უმაღლესი რადას წარმომადგენლების სტუმრობისას, რომლებიც უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფს წარმოადგენენ, ბედნიერი დამთხვევით, პარლამენტში ასევე იმყოფებოდა ქუთაისის სკოლასთან დამეგობრებული ქალაქ ლვოვის გიმნაზიის მოსწავლეები. ჩემი, როგორც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ორგანიზებით, უკრაინელ და ქართველ მოსწავლეებთან შეხვედრა გავმართეთ. ახალგაზრდებს ჩვენი, პარლამენტის წევრების ხედვები გავაცანით და ავღნიშნეთ, რომ ჩვენ ქვეყნებს მსგავსი პრობლემები და გამოწვევები აქვს, შესაბამისად, მეგობრობის გაღრმავება და გვერდით დგომა, ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. აქვე აღსანიშნავია, რომ გვყავს ერთი საერთო მოწინააღმდეგე, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს ჩვენს მეგობრობას და სანამ მძლავრად ფეხზე არ დავდგებით, მანამდე ვფიქრობ, რომ დამარცხების ალბათობა დიდია. ამიტომ მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდში დგომა და საერთო ინტერესების დაცვა", - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

სკოლის მოსწავლეებთან გამართულ შეხვედრას მეგობრობის ჯგუფების წევრების გარდა, საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დაესწრო. შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებმა და სკოლების მოსწავლეებმა საერთო სურათი გადაიღეს. დღესვე მეგობრობის ჯგუფის წევრები და მოსწავლე-ახალგაზრდები ქუთაისში მდებარე ჩერნობილის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა მემორიალს ყვავილებით შეამკობენ.