მიხეილ ყაველაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მიხეილ ყაველაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

„მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ მეტ დროს და შესაძლებლობას გამოვძებნით ამ განსაკუთრებული ადამიანებისთვის. ის ძვრები რაც ამ მიმართულებით ქვეყანაშია და დღევანდელი დღე მაძლევს ამის იმედს", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და საგამომცემლო სახლის „ქართული ელიტა" ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სთავაზობს უსასყიდლოდ ისარგებლონ საგამოფენო, საკონფერენციო და სპორტული დარბაზებით.

მხარეებმა ასევე აიღეს ვალდებულება იზრუნონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრების პოპულარიზაციაზე, განათლებასა და რესოციალიზაციაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით პროცესში და ხელს შევუწყობთ ამ ადამიანების სრულ ინტეგრირებას რამდენიმე მიმართულებთ. როგორც საბიბლიოთეკო სივრცეში ისე სპორტულ დარბაზში, რომელიც მათ დღეს დაეთმოთ.

ეროვნული ბიბლიოთეკისთვის ყველა ის მიმართულება, რომელიც არის კულტურული ღირებულების მატარებელი, არის მნიშვნელოვანი, - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

ღონისძიების ფარგლებში ორგანიზატორებმა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ღირსების ორდენით დააჯილდოვეს ორგანიზაციები, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში რესოციალიზაციის მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი აქვთ. დღესვე დაჯილდოვდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ლოგოების კონკურში გამარჯვებულები.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობა საზოგადოებრივად აქტიურ საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს აქტიურობა უნდა გაგრძელდეს და გაფართოვდეს, რომ ადამიანებმა თავი ჩვენი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ. ეს სახელმწიფოს, გარდა კეთილი ნებისა, ვალდებულებად აქვს აღებული და ეს მკაფიოდ არის ნათქვამი ასოცირების ხელშეკრულებაშიც. ჩვენ განსაკუთრებულად უნდა ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე განსაკუთრებულად უნდა ვიზრუნოთ", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა.