მუსიკალურ კლიპში კადრების დაფარვის გადაწყვეტილება მგალობლიშვილმა და მე ერთობლივად მივიღეთ, - ამის შესახებ ბრალდებულმა გიორგი ქებურიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ბირჟა მაფიის“ წევრის თქმით, კომპანია „აჭარანეთის“ მხრიდან, რომელიც კლიპის გადაღებაში დაეხმარა, განხორციელდა ზარი, რომ პოლიცია აღნიშნულმა კლიპმა გააღიზიანა.
" ვიდეოს დაფარვა კომპანია „აჭარანეთის“ მიერ მოხდა. კომპანიაში პოლიციის მიერ განხორციელდა ზარი. ეს მე მგალობლიშვილმა მითხრა. ამის შემდეგ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კადრები დაგვეფარა," - განაცხადა ქებურიამ.
რაც შეეხება იმას, იცოდა თუ არა პოლიციის როლის შემსრულებელმა მსახიობმა, რომელმაც ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომ კლიპში მონაწილეობდა, ქებურიამ აღნიშნა, რომ მასთან ამ თემაზე საუბარი არ ჰქონია.
ასევე, ჟურნალისტები გიორგი ქებურიასგან დაინტერესდნენ, იცნობდა თუ არა ის ბერა ივანიშვილს. ქებურიამ აღნიშნა, რომ ბერა ივანიშვილს ერთხელ შეხვდა.
ამასთან, ქებურიამ საზოგადოებას და განსაკუთრებით ბერა ივანიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.