„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება

საპარლამენტო უმრავლესობა დღეს სამუშაო შეხვედრას გამართავს. შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება.

შეხვედრაზე, რომელსაც უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს, პარლამენტის წევრები ნარკოპოლიტიკის რეფორმის ძირითად საკითხებსა და საგაზაფხულო სესიის მომდევნო სხდომების შესახებ იმსჯელებენ, რომელიც საკონსტიტუციო განხილვებს დაეთმობა.

„განიხილება საკანონმდებლო რეფორმა, ნარკორეგულაციების ჰუმანიზაციის მიმართულებით, რომელიც მიმართული იქნება პრევენციისკენ, რათა ახალი თაობა დაცული იყოს ნარკოტიკების ზიანისგან; რომელიც ასევე დაიცავს მომხმარებელთა ინტერესებს და ხელმისაწვდომობას ზიანის შემცირების, მკურნალობის და რეაბილიტაციის სერვისებზე“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ კომპრომისის დაშვება ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, არ განიხილება.

როგორც ცნობილია, პარლამენტში ინიცირებულია მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებული პროექტიც, რომელზეც უმრავლესობა დღევანდელ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ასევე იმსჯელებს.