საკომიტეტო სხდომების პირდაპირი ეთერით ტრანსლირების დროს არის რისკი, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა განხილვა შოუდ გადააქციონ

საკომიტეტო სხდომების პირდაპირი ეთერით ტრანსლირების დროს არის რისკი, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა განხილვა შოუდ გადააქციონ

სხდომის პირდაპირი ეთერით ტრანსლირების დროს არის რისკი იმისა, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა განხილვა შოუდ გადააქციონ - ჩვენ ორიენტირებული ვართ არა შოუზე, არამედ განხილვაზე, - ასე ხსნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დღევანდელი საკომიტეტო განხილვა პირდაპირი ეთერით არ გადაიცა.

კობახიძის აზრით, სხდომების პირდაპირი ეთერით ტრანსლირების პირობებში საგნობრივი მსჯელობის შესაძლობა არ არის და პოლიტიკური ოპონენტები კონსტრუქციულ განხილვაზე მხოლოდ მას შემდეგ გადადაიან, როცა სხდომა იხურება.

“ჩვენ ამ განხილვების დროს ვართ აბსოლუტურად გახსნილი. დღევანდელ სხდომაზე დასწრება შეეძლო ყველას, მათ შორის ჟურნალისტებს. სხდომა იყო აბსოლუტურად ღია. სხდომის ტრანსლირების დროს არის რისკი იმის, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა განხილვა შოუდ გადააქციონ. ჩვენი ამოცანაა, მუხლობრივად, ძალიან დეტალურად განვიხილოთ საკონსტიტუციო ცვლილებები. შესაბამისად, ვართ ორიენტირებული არა შოუზე, არამედ განხილვაზე. დღეს სწორედ ამ ფორმატში ძალიან კონსტრუქციული განხილვა შედგა. ცვლილებებთან დაკავშირებით ძალიან დეტალური მსჯელობა გვქონდა და სრული კონსესუსის საფუძველზე ჩამოყალიბდა საკონსტიტუციო ცვლილებების ის რედაქცია, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობას და ადგილობრივ თვითმმართველობას ეხება. მინდა ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს განხილვები და სწორედ ამისათვის იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება. ყველას შეუძლია ნებისმიერ სხდომაზე დასწრება. მთავარია, მოგვეცეს თითოეული მუხლის კონსტრუქციულად განხილვის შესაძლებლობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საპარლამენტო განხილვა დღეს პირდაპირი ეთერით ტრანსლირების გარეშე წარიმართა.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. სხდომის ტრანსლირება არც საზოგადოებრივი მაუწყებლის “მეორე არხის“ ეთერით და არც პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით განხორციელდა.