აშშ და მისი პარტნიორები ნატო-ს გაფართოებით არაშორსმჭვრეტელურ პოლიტიკას ატარებენ, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფრანგულ Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
„ჩვენთვის ნატო-ს გაფართოება იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი პარტნიორები ევროპაში და აშშ-ში შორსმჭვრეტელურ პოლიტიკას არ ატარებენ და ერთი ნაბიჯით წინ არ იყურებიან“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორებმა მოსკოვი დაარწმუნეს, რომ ალიანსის გაფართოება არ მოხდებოდა და უსაფრთხოების ახალი ერთობლივი სისტემა შეიქმნებოდა“.
„შეეშვით რუსეთის მხრიდან მითიური საფრთხეების, ჰიბრიდული ომების მოგონებას. თვითონ მოიგონეთ ეს, მერე კი თქვენს თავს აშინებთ და ამის საფუძველზე პოლიტიკის პერსპექტივებს ადგენთ“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, „რუსეთი მზად არის სხვა ქვეყნებთან ტერორიზმთან ბრძოლაში ითანამშრომლოს.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ხშირად რუსეთისთვის რთულია ევროპელ პარტნიორებთან დიალოგის წარმართვა, ვინაიდან მათი პოზიციები იცვლება, განსაკუთრებით აშშ-სთან კონტაქტების შემდეგ.
„გაარკვიეთ ვინ არის თქვენთან უფროსი და ვინ არა. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა მან.