კვლავ ჩემს აზრზე ვრჩები, ან უნდა წარადგინოს ედიშერ ქარჩავამ საბუთები, ან საზოგადოების წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.
დეკანოზი საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას მიერ გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებას გამოეხმაურა.
დეკანოზ კახაბერისთვის უცნობია, იყო თუ არა ედიშერ ქარჩავას განცხადებები პატრიარქთან და საპატრიარქოსთან შეთანხმებული.
მამა კახაბერის განცხადებით, მისთვის ასევე უცნობია, რა დოკუმენტაცია წარადგინა პროკურატურაში ედიშერ ქარჩავამ მეუფე პეტრესთან დაკავშირებით. დეკანოზი მიიჩნევს, რომ რაც პირდაპირ ეთერში ქარჩავამ ისაუბრა, ეს მეუფე პეტრესთვის ბრალის წარსადგენად საბუთი არ იყო.
„მან თქვა, რომ პროკურატურაში წარვადგინე საბუთებიო. პროკურატურაში რა წარადგინა, არ ვიცი. მაგარამ გუშინ, პირდაპირ ეთერში მას არაფერი არ წარმოუდგენია, გარდა იმისა, რაც ისაუბრაა. ეს საუბარი არ იყო საბუთი, რომლის მიხედვითაც ჩვენ საფუძველი გვაქვს, საქმის განხილვა დავიწყოთ. აქედან გამომდინარე, მე კვლავ ჩემს აზრზე ვრჩები. ან უნდა წარადგინოს მან საბუთები, ან საზოგადოების წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს“, - განაცხადა მამა კახაბერმა.
საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს სოსო ოხანაშვილს და მეუფე პეტრეს აქვთ მცდელობები, რომ უწმინდესი პატრიარქის ტახტს ჩამოაცილონ. ამასთან, ქარჩავას მტკიცებით, მეუფე პეტრეს დღესაც აქვს დაგეგმილი პატრიარქის არა მხოლოდ ტახტიდან ჩამოცილება, არამედ უწმინდესის მოკვდინება. ედიშერ ქარჩავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში გუშინ განაცხადა, რომ მან მოკვდინებაში სულიერი მკვლელობა იგულისხმა.