ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „მსოფლიო თამბაქოს გარეშე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „მსოფლიო თამბაქოს გარეშე" დღისადმი მიძღვნილ მიღებას უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით საერთაშორისო დღისადმი, „მსოფლიო თამბაქოს გარეშე", მიძღვნილი ღონისძიება და მიღება გაიმართა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ მიმართა. მისი განცხადებით, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა მიმდინარე წლის 17 მაისს დაასრულა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობის რეფორმა და მე-3 მოსმენით მიიღო გამკაცრებული რეგულაციები. ამ ცვლილებების განხორციელებით, საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომელთაც ყველაზე ეფექტიანი რეგულაციები აქვს.

„საქართველოს პარლამენტი წელს, თამბაქოსგან თავისუფალ საერთაშორისო დღეს წელში გამართული ხვდება. რადგან ჩვენ ამ საკანონმდებლო აქტის მიღებით დავაგვირგვინეთ ის ბრძოლა, რომელსაც საქართველოს სამედიცინო საზოგადოება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველა აქტიური მოქალაქე, ჩვენი ახალგაზრდობა, სპორტის და განათლების მესვეურები წლების განმავლობაში ეწეოდნენ," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მან სტუმრებს საქართველოში თამბაქოს მწეველთა საგანგაშო რაოდენობა და თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ დაავადებათა მზარდი სტატისტიკა გააცნო. მისი თქმით, ქვეყანაში თამბაქოს ეპიდემიის მაღალი მაჩვენებელია და განსაკუთრებით მზარდია მოხმარების დინამიკა არასრულწლოვანთა შორის.

„ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ახალი დაავადებით - 70 000 ადამიანი ავადდება და გარდაცვლილთა რაოდენობა - 11 000-ს შეადგენს. აქედან 300-მდე ბავშვია. სწორედ ამ ეპიდემიის შემცირებისთვის და საბოლოოდ დამარცხებისკენ არის მიმართული კანონმდებლობა, რომელსაც მე დიდი იმედი მაქვს პრეზიდენტი ხელს მოაწერს და რომლითაც შენობებში მოწევა აიკრძალება,"- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან ეფექტზე, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა საკანონმდებლო რეფორმის ამოქმედების შედეგად მიიღებს.

მისი განცხადებით, ქართული საკანონმდებლო რეფორმა საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული 20 ეფექტიანი საკანონმდებლო ღონისძიებებიდან 11 ღონისძიებას მოიცავს, რაც აღნიშნულ ცვლილებებს შთამბეჭდავს ხდის. „მნიშვნელოვანი შეზღუდვები არის სახელმწიფოს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯები ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიმართულებით,"-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ კანონპროექტის მომზადებაში ჩართულ ყველა პირს და ორგანიზაციას გაწეული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ცალკე აღსანიშნავია ის უზარმაზარი მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებრიობა გვიწევდა ამ მიმართულებით, მსოფლიო ჯანდაცვის საზოგადოება, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის სამდივნო, გაეროს ორგანიზაციები და მთელი რიგი ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ამ მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი და არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ყველას, მთელი საზოგადოების მხარდაჭერა კანონის აღსრულების საკითხში," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ღონისძიების სტუმრებს WHO საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარიან ივანუშამ მიმართა და საქართველოს პარლამენტის წევრებს კანონპროექტის მომზადებისთვის გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვულოცავ ჩემს მეგობრებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომ მათ საბოლოო ჯამში მიაღწიეს და დაამარცხეს და წარმატებით დაასრულეს ეს ციკლი,"-განაცხადა მარიან ივანუშამ.

NCDs უფროსი მრჩევლის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირის წარმომადგენლის ეჰსან ლატიფის განცხადებით, თამბაქოს კონტროლის საკითხებში წარმატებული ქვეყნების მაგალითები საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ საქართველოში 2017 წლიდან დაწყებული პროცესი რეალურად ქმედითია და დაიცავს არამხოლოდ არამწეველების, არამედ მწეველი ადამიანების ჯანმრთელობას, მოახდენს ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარების დაწყების პრევენციას და ქვეყანაში თამბაქოსთან დაკავშირებული ზიანის შემცირებას.

„ძალიან ბევრი გვაქვს საზეიმო. არის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო და ის ემყარება საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკას ამ მიმართულებით. საქართველო ამ კანონის მიღებით გახდა სამაგალითო ქვეყანა მთელს ამიერკავკასიის რეგიონში," - განაცხადა ეჰსან ლატიფიმ.

მან ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს და პარლამენტის წევრებს „მნიშვნელოვანი და ამბიციური" პროექტის განხორციელებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

ღონისძიების სტუმრებს მიმართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

„17 მაისს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობით, საქართველომ გადადგა უზარმაზარი ნაბიჯი მოსახლეობის მეტი ჯანმრთელობისკენ. განსაკუთრებით, ჩვენი მომავალი თაობების ჯანმრთელობისკენ. მაქვს იმედი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც ჩვენ ამ მიმართულებით გვეხმარებოდა, კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესში კიდევ მეტი ძალისხმევით მოგვეხმარება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კი ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ კანონი იქნეს ეფექტურად აღსრულებული," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ღონისძიების დასასრულს, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ თამბაქოს კონტროლის სფეროში გაწეული წვლილისთვის დიპლომები გადასცა WHO საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს მარიან ივანუშას, NCDS უფროს მრჩეველს ეჰსან ლატიფს, თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლებს, გიორგი ბახტურიძეს და კახა ღვინიანიძეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციის სამდივნოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისს და მისი ხელმძღვანელს გაუდინ გალეას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს და მის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს რევაზ ჯაველიძეს, განათლების მინისტრის მოადგილეს თამაზ მარსაგიშვილს და ჯანდაცვის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს.

მიღებას საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, პრეზიდენტის, დიპლომატიური კორპუსის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.