საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" ახალ ხელმძღვანელს, კრისტიან დოერინგს და პროგრამის მრჩეველს ინგა სინჯიკაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო GIZ-სა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს შორის არსებულ თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს. ასევე საჯარო ფინანსების მართვის (PFM) რეფორმასთან დაკავშირებულ მემორანდუმს, რომელიც მიმდინარე წლის 2 ივნისს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის უნდა გაფორმდეს. მემორანდუმის თანახმად, 2017-2020 წლების, ფარგლებში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შესაბამისი კონსულტაცია გაეწევა. პროგრამის პარტნიორები არიან: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
როგორც შეხვედრისას კრისტიან დოერინგმა აღნიშნა, GIZ მზად არის კვალავ გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან და საჭიროებისამებრ დაეხმაროს კომიტეტს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაში.
„ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ საპარლამენტო ზედამხედველობა და კონტროლი საბიუჯეტო ინსტიტუტების კუთხით, რათა უფრო მეტ გამჭვირვალობასა და ტრანსპარანტულობას ჰქონდეს ადგილი საჯარო ფინანსების სფეროში და ამაღლდეს ეფექტიანობა ამ მიმართულებით. ამ საკითხში GIZ-თან თანამშრომლობა და მათი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის ასევე პარლამენტისთვის." - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.