მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში კონსტიტუციური კანონის პროექტზე მსჯელობდნენ

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში კონსტიტუციური კანონის პროექტზე მსჯელობდნენ

მთაწმინდის მოსახლეობა კონსტიტუციის პროექტზე სასაუბროდ თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შეიკრიბა.

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდელებს თავისი კოლეგები წარუდგინა, რომლებიც დღეს მოსახლეობასთან კონსტიტუციის პროექტის განსახილველად მოვიდნენ.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა და რამდენიმე კონკრეტული საკითხი განმარტა. მან იმ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, რაც პირველად აისახება კონსტიტუციაში. კერძოდ, აქამდე საპარლამენტო ოპოზიციას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება არ ჰქონდა. პირველად ხდება ქორწინების დეფინიცია და განისაზღვრება, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. მისი განმარტებით, ერთ-ერთი მგრძნობიარე თემა არის მიწის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც სწორედ „ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა 2013 წელს მორატორიუმი მიწის უცხოელებზე გაყიდვასთან დაკავშირებით, რადგან ამ თემაზე არანაირი ჩანაწერი არ არსებობდა კანონში. მამუკა მდინარაძემ დეტალურად განმარტა საარჩევნო სისტემაში განხორციელებული ცვლილებები და ბონუსების განაწილების პრინციპი. მისი თქმით, ანალოგიური დადებითი გამოცდილება აქვთ ამერიკას და ევროპის ქვეყნებს.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრის, ირმა ინაშვილის განცხადებით ახალი კონსტიტუციის პროექტში ბევრი კარგი სიახლეა, რომელსაც ეთანხმება და იზიარებს, მაგარამ რამდენიმე საკითხზე შენიშვნები აქვს და საჭიროა შეთანხმების მიღწევა. კერძოდ, მისი აზრით კონსტიტუციაში სიტყვა-სიტყვით უნდა ჩაიწეროს, რომ საქართველოს მიწა არ გაიყიდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. რადგან, მისი აზრით, ორგანული კანონი, რომელმაც უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი, შეიძლება არ იყოს ქართული მიწის დაცვის მყარი გარანტია. რაც პირველ რიგში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი.

„ჩვენთვის მთავარია თქვენი აზრის მოსმენა, რათა გავიგოთ თქვენი დამოკიდებულება წარმოდგენილი პროექტის მიმართ, სწორედ ამიტომ იმართება საყოველთაო-სახალხო განხილვა, რომ გავითვალისწინოთ თქვენი პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე", - მიმართა მოსახლეობას პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.

მან მცირე ისტორიული გადახვევა გააკეთა და დამსწრეთ შეახსენა, რომ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია, რომელიც ერთ-ერთი პირველი დემოკრატიული კონსტიტუცია იყო ევროპაში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სწორედ ამ დარბაზში გაფორმდა. ამის შემდეგ მან კონსტიტუციის მეორე თავზე გაამახვილა ყურაღება, სადაც ადამიანის უფლებებზეა საუბარი და მისი შეფასებით აქ სტანდარტი კიდევ უფრო მაღალ დონეზეა აწეული.

რაც შეეხება მიწის საკითხს, რატი იონათამიშვილის თქმით, მთავარია მარტო სიტყვით კი არ დაიწეროს, რომ მიწა დაცულია, არამედ ამის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს სწორედ ორგანული კანონით, რომელიც შექმნის დაცვის გარანტიებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელმა, ლიკა საჯაიამ რამდენიმე პრინციპულ საკითხზე გამოხატა თავისი პოზიცია. მისი თქმით, კანონის პროექტში არის ბევრი პოზიტიური საკითხი, რომლებსაც სრულიად ეთანხმება, მაგრამ ამაზე ახლა არ უსაუბრია, მხოლოდ იმ საკითხებს შეეხო, რომლებთან მიმართებაშიც შენიშვნები გააჩნია. მისი შეფასებით საბოლოოდ ქვეყანა მიიღებს კონსტიტუციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას შეუწყობს ხელს.

ასეთივე მოსაზრება გამოხატა პარლამენტის წევრმა, ბექა ოდიშარიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს დოკუმენტი საქართველოს მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის ძალიან პროგრესული კონსტიტუცია, სადაც ძალიან დაცულია ადამიანის უფლებები და ამით შეგვიძლია ევროპის ქვეყნებს შევედაროთ. მისი აზრით ჩვენნაირი ქვეყნისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზეპარტიული პრეზიდენტის ყოლა. მისი აზრით, კანონში უნდა ჩაიდოს ისეთი მექანიზმი, რომ საქართველოდან წასულ ადამიანს, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო ავტომატურად არ მოეხსნას და სურვილის შემთხვევაში შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქის სტატუსი. რასაც საკონსტიტუციო კომისიის წევრები იზიარებენ.

სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მოწყობის სისტემაზე, მისი თქმით საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა ერთგვარი ცდაა, თუმცა, „ჩვენ საპრეზიდენტო მმართველობის არცთუ კარგი გამოცდილება გვქონდა, რეალურად არ ვიცით რა არის საპრეზიდენტო მმართველობა. არა ავტოკრატების, არამედ რეალური საპრეზიდენტო მმართველობა არ გვქონია პოსტსაბჭოთა პერიოდში. ასევე, არ ვიცით რა არის ნამდვილი საპარლამენტო რესპუბლიკა, არ ვიცით საქართველოსთვის ეს იქნება თუ არა კარგი და რას მოგვიტანს ის, მაგრამ მივდივართ ამ მცდელობაზე", - განაცხადა მან. მისი თქმით, ყველა შემთხვევაში, ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხალხი უნდა იყოს ხელისუფლების მაკონტროლებელიც.

დეპუტატების გამოსვლების შემდეგ დარბაზიდან დაისვა მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი შეკითხვები, გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებებიც, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ემოციური ფორმით იყო გამოხატული.

დეპუტატებმა ამომწურავი და კომპეტენტური პასუხები გასცეს დასმულ შეკითხვებს. შეხვედრის შეჯამებისას მამუკა მდინარაძემ კიდევ ერთხელ განმარტა საარჩევნო ბლოკების გაუქმების მიზეზი, რომ ბლოკები ასუსტებს პოლიტიკური პარტიების იმუნიტეტს, ამიტომ დაუშვებელია რომ სუსტი, ურეიტინგო პარტიები ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს. მან ასევე განუმარტა მოსახლეობას, რომ კონსტიტუციის ხელახალი გადასინჯვის მექანიზმი იმდენად რთულდება, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას არ ექნება საშუალება თავისი სურვილისამებრ შეიტანოს მასში ცვლილებები, რადგან ერთი მოწვევის პარლამენტის პირობებში ეს შეუძლებელი იქნება. ახალი რედაქციით, ცვლილებების განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ორი მოწვევის პარლამენტის მიერ.

„საყოველთაო-სახალხო განხილვების დასრულების შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება კონსტიტუციის წარმოდგენილ პროექტში, გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის დასკვნაც. ამის შემდეგ პარლამენტი დაიწყებს პროექტის განხილვას და იმედია წლის ბოლოს მივიღებთ კონსტიტუციას, რომელიც ნამდვილად იქნება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების გარანტი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის ბოლოს.