გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის მეგობრები და მეუღლე ვარაუდობენ, რომ აფგან მუხტარლი აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.

გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის მეგობრები და მეუღლე ვარაუდობენ, რომ აფგან მუხტარლი აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მისმა ერთ-ერთმა მეგობრმა, დაშგინ აღალარლიმ განაცხადა, აფგან მუხტარლი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში.

”ის ძალიან აქტიური ჟურნალისტი იყო და სავარაუდოდ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მასში საფრთხე დაინახა”, - განაცხადა დაშგინ აღალარლიმ.

მისივე თქმით, არ უნდა იფიქროს, რომ ამაში საქართველოს სპეცსამსახურებიც არიან ჩართული, თუმცა აღნიშნა, რომ საეჭვო იყო, მათ ვერ შეემჩნიათ ეს ყველაფერი.

გაუჩინარებული ჟურნალისტის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევას თქმით კი, მის მეუღლეს უთვალთვალებდნენ.

აფგან მუხტარლის მეგობრებმა და მეუღლემ ისიც აღნიშნა, რომ კომპანია ”სოკარში” არიან ადამიანები, რომლებიც მას უთვალთვალებდბე.

”მას რომ რაიმე დაემართოს, ეს იქნება საერთაშორისო სკანდალი და ამაში დამნაშავე იქნება საქქრთველოს მთავრობაც”,- აღნიშნეს ჟურნალისტის მეგობრებმა.

”თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” ინფორმაციით, აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ბოლოს, 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე თბილისში ნახეს. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, რომელსაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, თუმცა ამის შემდეგ, აღარავის უნახავს და მობილური გამორთული აქვს.

”აფგან მუხტარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის იანვრიდან ის საქართველოში მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.