ამაღლების ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

ამაღლების ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

საბურთალოზე, ამაღლების ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

მსახურების დროს ტაძარში წმინდა სახარებიდან იმ ადგილს წაიკითხავენ, სადაც აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფლის მიერ ელეონის მთაზე ამაღლების შესახებ არის საუბარი. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს უფლის ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს.

წმიდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.

აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმს არ წასულიყვნენ.

ქრისტემ შემდეგ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა. მანამდე უფალმა შეკრებილნი აკურთხა. ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, თეთრად მოსილი ორი კაცი ეჩვენათ. მათ შეკრებილებს უთხრეს, რომ ასევე იხილავდნენ ზეციდან მომავალ უფალს.