დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე “სერიოზულიდან კრიტიკულამდე” გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ შემდეგი თავდასხმა გარდაუვალია

დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე “სერიოზულიდან კრიტიკულამდე” გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ შემდეგი თავდასხმა გარდაუვალია

დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე “სერიოზულიდან კრიტიკულამდე” გაზარდეს. აღნიშნულის შესახებ საგანგებო სამთავრობო კომიტეტის COBRA-ს გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმა, ტერეზა მეიმ განაცხადა.

„მიმდინარე გამოძიების საფუძველზე ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტერორისტული საფრთხის დონე “სერიოზულიდან კრიტიკულამდე” უნდა გაიზარდოს“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.

ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ახალი ტერაქტი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს.

„ეს შეფასება არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ახალი თავდასხმა ძალიან სავარაუდოა, არამედ იმასაც, რომ შემდეგი თავდასხმა გარდაუვალია“, - დასძინა ტერეზა მეიმ.

მისივე თქმით, ამგვარი გადაწყვეტილება მას შემდეგ იყო მიღებული, რაც გამოძიებამ არ გამორიცხა, რომ მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის უკან შეიძლება გარკვეული ჯგუფი იდგეს.

22 მაისს, მანჩესტერში, სტადიონზე მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე სისხლიანი თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 22 მოქალაქე, ხოლო 59 დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“.