„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის ყრილობაზე ტერაქტს გეგმავდნენ

„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის ყრილობაზე ტერაქტს გეგმავდნენ

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები, რომელთა ლიკვიდირება გუშინ ანკარაში მოხდა, თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის ყრილობაზე ტერაქტს გეგმავდნენ.

აღნიშნულის შესახებ ანკარის რეგიონის გუბერნატორმა, ერჯან თოფაჯმა განაცხადა.

„ორი მოკლული ტერორისტი თავდასხმის განხორციელებას გეგმავდა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ყრილობაზე“, - განაცხადა თოფაჯმა.

ანტიტერორისტული ოპერაცია გუშინ დილით ანკარაში, ეთიმესგუთის უბანში ჩატარდა. პოლიციამ შტურმით აიღო ბინა, სადაც ტერორისტები იმყოფებოდნენ. ტერორისტებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. საპასუხო ცეცხლის გახსნის შედეგად პოლიციელებმა ადგილზე გაანადგურეს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები. ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობები და ყუმბარები.

გუშინ ანკარაში თურქეთის მმართველი პარტიის ყრილობა გაიმართა, რომელზეც დელეგატებმა მხარი დაუჭირეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნებას.