FBI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი აშშ-ის სენატის დაზვერვის სპეცკომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვა

FBI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი აშშ-ის სენატის დაზვერვის სპეცკომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვა

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი დათანხმდა აშშ-ის სენატის დაზვერვის სპეცკომიტეტის ღია მოსმენაზე სიტყვით გამოვიდეს. აღნიშნულის შესახებ სპეცკომიტეტის თავმჯდომარის რიჩარდ ბერის განცხადებაშია ნათქვამი.

„გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი დაგვთანხმდა კომიტეტის ღია მოსმენაზე სიტყვით გამოვიდეს. კომიტეტი ღია მოსმენების თარიღს 29 მაისის შემდეგ დანიშნავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

რიჩარდ ბერიმ აღნიშნა, რომ მას სურს ინფორმაცია მიიღოს ჯეიმს კომის როლის შესახებ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯეიმს კომი თანამდებობიდან 9 მაისს გაათავისუფლა. დონალდ ტრამპის განმარტებით, ჯეიმს კომი ეფექტურად არ ასრულებდა თავის ფუნქციებს.