იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ბელგრადში ვიზიტი დაასრულა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ბელგრადში ვიზიტი დაასრულა

ბელგრადში, სერბეთის დედაქალაქში დასრულდა ევროპის საჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ორდღიანი გასვლითი სხდომა.

სხდომა მისასალმებელი სიტყვით სერბეთის მთავარი პროკურორის მოადგილემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და სერბეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა გახსნეს, რის შემდეგაც 10- ზე მეტი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული.

საყურადღებოა, რომ ფრანგმა დეპუტატმა, ლე ბორნმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების მიმოხილვა წარმოადგინა და 10 ქვეყანა დაასახელა, რომლებიც ყველაზე მეტად არ ასრულებენ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს. ანგარიშში ასახული იყო საქართველოს წარმატება და 2016 წელს პარლამენტის მიერ გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის თანახმად, საკანონმდებლო ორგანომ პირველად დაიწყო ზედამხედველობის განხორციელება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე.

საქართველოს მაგალითზე და მნიშვნელოვან პროგრესზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ისაუბრა. მან სხდომაზე დააყენა წინადადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მსგავსად, ევროსაბჭოს ყველა წევრ ქვეყანას უნდა ჰქონდეს საპარალამენტო ზედამხედველობის მექანიზმი.

ეკა ბესელიამ სხდომაზე, ასევე წარმოადგინა ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევის საბჭოს მარტის სხდომის ანგარიში.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ეკა ბესელიამ სხდომაზე ისაუბრა იყო ანგარიში - „კანონის უზენაესობა და გამოწვევები", რომელსაც გერმანელი დეპუტატი კომიტეტის სახელით ამზადებს.

სხდომაზე საინტერესო დისკუსია გაიმართა წამებისა და სიკვდილით დასჯისთვის გამოყენებული სპეციალური საგნების აკრძალვის თაობაზე.

ევროპის საჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ანგარიშების მომზადება გაგრძელდება შემდეგი საპარლამენტო სესიისთვის.