19-20 მაისს უკრაინაში გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს პარლამენტიდან ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფრუიძე, საბჭოს წევრები: გიორგი კახიანი, კახა კუჭავა, ოთარ კახიძე და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე მონაწილეობენ.
კონფერენციაზე პარლამენტის საქმიანობა, მოქალაქეთა ნდობა და გამჭვირვალობა, პარლამენტის და ღია მმართველობის პარტნიორობა განიხილება. დელეგატები ასევე, ტექნოლოგიებსა და სიახლეებზე, პარლამენტის გამჭვირვალობასა და დემოკრატიულ ტრანსფორმირებაზე და საჯარო ინოვაციებზე იმსჯელებენ.
კონფერენციის ფარგლებში, ღია და გამჭვირვალე მმართველობა საქართველოს მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ პარლამენტის და ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა პარლამენტის როლზე, საკანონმდებლო ინიციატივებსა და ცვლილებებზე ეროვნული გეგმის განხორციელების მხარდაჭერის პროცესში.
გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კონფერენციას უკრაინის უმაღლესი რადა მასპინძლობს. კონფერენციაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რამდენადაც მიმდინარე წლის ოქტომბრიდან საქართველო, ერთი წლის ვადით, „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.