პარლამენტი თორდია-ფარცხალაძეს შორის დაპირისპირების ფაქტზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხზე მსჯელობს

პარლამენტი თორდია-ფარცხალაძეს შორის დაპირისპირების ფაქტზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხზე მსჯელობს

პარლამენტი გენერალური აუდიტორის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხზე მსჯელობს. საკითხი საპარლამენტო უმცირესობის მიერ არის ინიცირებული.

”ევროპული საქართველოს” წარმომადგენლების მიერ მომზადებული დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ იმ დანაშაულის გამოძიება, რომელიც გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტს უკავშირდება, სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

”მომხდარს საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან, პირველი, საქმე ეხება ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს თანამდებობის პირზე განხორციელებულ თავდასხმას, მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და მეორე, - ოთარ ფარცხალაძე, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, საზოგადოებისათვის ცნობილია არაერთ სავარაუდო კანონდარღვევასა და საეჭვო გარიგების გამო. ამ ყველაფერს ემატება კონფლიქტში მონაწილე მხარეების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, რომელიც საკითხის გარკვევის ნაცვლად, პირიქით, დამატებით შეკითხვებს ბადებს”, - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობა.

12 მაისს, შარდენზე მდებარე კაფე „ელ ცენტროში“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს, ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით და შესაბამისი დადგენილების პროექტით უმცირესობამ პარლამენტს ორი დღის წინ მიმართა.