12 რაუნდი ნამდვილად არ მიჩხუბია, თუმცა 10 წამში შემიძლია ფარცხალაძეს და მის ადვოკატს დავმართო იმაზე უარესი, რაც მე დამმართეს

12 რაუნდი ნამდვილად არ მიჩხუბია, თუმცა 10 წამში შემიძლია ფარცხალაძეს და მის ადვოკატს დავმართო იმაზე უარესი, რაც მე დამმართეს

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირების საქმეზე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. როგორც თორდიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას უნდა, რომ გამოძიება არ დასრულდეს.

"მე სრულ უნდობლობას ვუცხადებ გამოძიებას, რადგან ყველაფერი ნათელია. გამოძიებას რომ სდომოდა, 5 წუთში დაიდებოდა კადრები და აჩვენებდნენ, როგორ აზიანებს ლაშა თორდია თავის თავს. გამოძიებას უნდა გამოძიება არ დასრულდეს", - განაცხადა თორდიამ.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის გუშინდელ განცხადებას, რომ შეხვედრა იყო წამიერი, თორდიას თქმით, ეს არის მისი მხრიდან მთავარი აქცენტიდან საკითხის გადაყვანის მცდელობა.

"მისი სურვილია, რომ მალაპარაკონ წამიერი იყო შეხვედრა თუ ათ წამიანი. დაახლოებით 1 წუთი გრძელდებოდა ჩხუბი და 12 რაუნდი ნამდვილად არ მიჩხუბია, თუმცა 10 წამში შემიძლია მის ადვოკატსაც და მასაც დავმართო ჩემზე უარესი, რაც დამმართეს მე. ამიტომ ასეთ უაზრობებზე საუბარი, რომ თურმე შეხვედრა წამიერი იყო, მერე საპირფარეშოში თავი ვურტყი კედელს და მე თვითონ მივიღე დაზიანებები, ეს არის აბსურდის თეატრი, რომელსაც თავისი ადვოკატების მეშვეობით ალაგებს ამ ფორმით. სპეციალურად დაწყებულია გამოძიება იმ მუხლით, რომ არ მოხდეს კამერების ამოღება, რათა ერთ ერთი მტკიცებულება წაიშალოს", - განაცხადა თორდიამ.