ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირების საქმეზე არასამთავრობო სექტორს ხვდება

ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირების საქმეზე არასამთავრობო სექტორს ხვდება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიმდინარეობს.

გენერალური აუდიტორი შეხვედრის მონაწილეებს ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირების საქმეზე აწვდის ინფორმაციას.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განუცხადა, პირველ რიგში დასადგენია, თუ რა ფორმით მონაწილეობს ფარცხალაძის კომპანია იმ საქმეებში, რასაც თბილისის მერიაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობს.

"პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გავიგოთ იმ საქმის დეტალები, რომელზეც ლაშა თორდია საუბრობდა. ვგულისხმობ, მერიაში მიმდინარე მოვლენებს და იმ პრობლემურ საკითხებს, რომლებსაც სწავლობდა აუდიტის სამსახური, საინტერესოა, სად და როგორ ფიგურირებს ამ ყველაფერში ბატონი ფარცხალაძის კომპანია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და ამ საკითხიდან სხვა საკითხზე არ უნდა გადავიტანოთ ყურადღება, რადგანაც ეს არის პირდაპირ დაკავშირებული ამ ინციდენტთან. ფაქტობრივად, ვხედავთ, რომ დამოუკიდებელი სამსახური სწავლობს კონკრეტულ პრობლემას და ამის გამო ამ სამსახურის უფროსს ექმნება კონკრეტული პრობლემები. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი", - განაცხადა გიგაურმა.