„ეროვნული ფორუმი“ შესაძლოა, დაიშალოს და პარტიის ლიდერები დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ ძალას შეუერთდნენ

„ეროვნული ფორუმი“ შესაძლოა, დაიშალოს და პარტიის ლიდერები დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ ძალას შეუერთდნენ

პარტია „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლები შესაძლოა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ გუნდში გაერთიანდნენ.

საზოგადოებრივის ინფორმაციით, მომავალ პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილსა და პარტიის ლიდერებს შორის კონსულტაციები უკვე გაიმართა.

მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებების პროცესში მოსაზრება გამოითქვა იმის შესახებ, რომ შესაძლოა, პარტია „ეროვნული ფორუმი“ დაიშალოს და მისი წარმომადგენლები - კახა შარტავა, სოსო ვახტანგიშვილი, რეზო შავიშვილი და ანი მიროტაძე უსუფაშვილის პოლიტიკურ გუნდს შეუერთდნენ.

საზოგადოებრივი აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას „ეროვნული ფორუმის“ ლიდერებთან შეეცადა. ყოფილი დეპუტატი სოსო ვახტანგიშვილი საზოგადოებრივთან საუბრისას ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს, თუმცა საკითხზე ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

„მაისის ბოლოს დაველოდოთ. წინმსწრებ განცხადებებს არ გავაკეთებ. საზოგადოებისთვის ინფორმაცია ცნობილი მაისის ბოლოს იქნება“, - განუცხადა საზოგადოებრივს ვახტანგიშვილმა.

„ეროვნული ფორუმის“ გარდა,  დავით უსუფაშვილის პოლიტიკური გუნდის ახალ სახეებზეც საუბრობენ და ითქვა, რომ ექსსპიკერის პოლიტიკურ ძალას შესაძლოა, „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავლპარტიული დემოკარტიისთვის“ წარმომადგენელი ლევან ცუცქირიძეც შეურთდეს.

საზოგადოებრივთან საუბარში ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ  პოლიტიკაში მოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს, მაგრამ მისი ორგანიზაცია პარტიების დახმარებას კვლავ გააგრძელებს. მათ შორის, დავით უსუფაშვილის გუნდისაც.

„ჩვენი ორგანიზაცია საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობს. თითქმის ათი წელია, ბევრ პოლიტიკურ ორგანიზაციას ვეხმარებით. ასე რომ, ჩემი ან ჩვენი ორგანიზაციის წევრების პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობა ჩვეულებრივი მოვლენაა. რაც შემეხება პირადად მე, რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებას არ ვაპირებ. პოლიტიკაში მოსვლას გამოვრიცხავ, ამ ეტაპზე, ასეთი გეგმები არ გამაჩნია. ჩვენი ორგანიზაციის მანდატის ფარგლებში, განვითარებაში ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალას ვეხმარებით“, - აღნიშნა ცუცქირიძემ.

რაც შეეხება დავით უსუფაშვილის გეგმებს, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აქტიურ პოლიტიკაში მიმდინარე წლის აპრილში დაბრუნდა და განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცენტრისტულ პარტიას შექმნის. არსებული ინფორმაციით,  დავით უსუფაშვილის ახალი პარტიის სახეები იქნებიან „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრები ნოდარ ებანოიძე, ვახტანგ ხმალაძე, ფრიდონ საყვარელიძე.

დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა.