ირაკლი კობახიძე გენერალურ აუდიტორზე მომხდარი თავდასხმის შესახებ: ეს საკითხი პარლამენტის განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ იქნება

ირაკლი კობახიძე გენერალურ აუდიტორზე მომხდარი თავდასხმის შესახებ: ეს საკითხი პარლამენტის განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ იქნება

„ეს არის უაღრესად აქტუალური საკითხი. განსაკუთრებით პარლამენტისთვის.  ჩვენ მივაქცევთ ამ საქმეს ყურადღებას.   ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გარდა ცალკეული დანაშაულის გამოძიებისა, კონსტიტუციური ორგანოების სათანადო ფუნქციონირება იყოს უზრუნველყოფილი. ამას ბუნებრივია, ალტერნატივა ვერ ექნება,"- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აუდიტის სამსახურის უფროსის სავარაუდო ცემის ფაქტთან დაკავშირებით.

„გამომდინარე იქედან, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი თანამდებობა, პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს პარლამენტთან, განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ იქნება ეს საკითხი საქართველოს პარლამენტისთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდამცველ სტრუქტურებს, რომ სათანადოდ გამოიძიონ ეს საქმე და ყველა დამნაშავე აუცილებლად სათანადოდ უნდა დაისაჯოს,"-  ,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციური ორგანოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის სავარაუდო ცემის ფაქტი არის განსაკუთრებული ყურადღების საგანი და იწვევს საზოგადოების ვნებათაღელვას. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქმე სასწრაფოდ იყოს გამოძიებული.  ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ ეტაპზე არ განიხილება. შესაბამისი გადაწყვეტილება საგამოძიებო პროცესების მიმდინარეობისა და ტემპების შესაბამისად იქნება მიღებული.

„რაც შეეხება კომისიას. ჩვენ ჯერ უნდა შევხედოთ გამოძიების მიმდინარეობას. თუ დავინახავთ, რომ ამ პირობებშიც არის საჭირო საპარლამენტო- საგამოძიებო კომისიის შექმნა, ესეც შეგვიძლია განვიხილოთ. ჯერ ჩვენ უნდა დაველოდოთ ჩვეულებრივი საგამოძიებო პროცესების მიმდინარეობას. მთავარია სწრაფად წარიმართოს ეს პროცესი. ჩვენ თუ დავინახავთ, რომ სათანადო ტემპით არ წარიმართება გამოძიება, ამ შემთხვევაშიც , ბუნებრივია გვექნება ის რეაგირება, რაც შედის ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქმის იურიდიულ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით განმარტა, რომ თეორიულად შესაძლოა მხედველობაში სხვადასხვა მუხლი იყოს მიღებული, თუმცა, პარლამენტი მეთვალყურეობას გაუწევს თუ რამდენად სწორი კვალიფიკაციით წარიმართება საქმის გამოძიება.

„ რაც შეეხება იურიდიულ კვალიფიკაციას, ესეც არის ჩვენი ინტერესის საგანი. არის სხვადასხვა მუხლი, რომელიც შეიძლება თეორიულად მხედველობაში მივიღოთ.  თუ სამსახურებრივ მოვალეობას უკავშირდება კონკრეტული ფაქტი, ამ შემთხვევაში შეიძლება სხვა მუხლითაც დაკვალიფიცირდეს ეს ყველაფერი. ამ ეტაპზე  კონკრეტული მუხლით არის აღძრული ეს საქმე. მთავარია, რომ საბოლოო ჯამში სწორი კვალიფიკაცია მიეცეს საქმეს და ესეც იქნება ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ,"-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.