ეს ყველაფერი ვერ უზრუნველყოფს იმ ნეგატიური გეგმის განხორციელებას, რომელიც ჰქონდათ პროვოკაციის ავტორებს

ეს ყველაფერი ვერ უზრუნველყოფს იმ ნეგატიური გეგმის განხორციელებას, რომელიც ჰქონდათ პროვოკაციის ავტორებს

„ეს ყველაფერი ვერ უზრუნველყოფს იმ ნეგატიური გეგმის განხორციელებას, რომელიც ჰქონდათ პროვოკაციის ავტორებს. გაგრძელდება საყოველთაო-სახალხო განხილვა და ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ საზოგადოებას ვესაუბროთ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით",- ასე ეხმაურება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 15 მაისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განვითარებულ მოვლენებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროვოკაციის თავიდან არიდება მხოლოდ ხისტი ძალის გამოყენების საშუალებით იყო შესაძლებელი, თუმცა, წინასწარ გადაწყდა, რომ ხისტი ძალა არ ყოფილიყო გამოყენებული. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვების გაგრძელებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.

„ძირითადად, ორი ჯგუფი გამოიკვეთა, რომელმაც სამწუხაროდ მოახერხა გუშინდელი თბილისში შეხვედრის ჩაშლა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იდგა ამ ჯგუფების უკან, ამაზე დეტალებზე საუბარს მოვერიდები. გვაქვს ამასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს იყო ორი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი ასეთი პროვოკაცია და ზუსტად ამ სახით. ჩვენ გვქონდა წინასწარ ინფორმაცია ამის შესახებ. ჩვენ წინასწარ გადავწყვიტეთ, რომ არ გამოგვეყენებინა ხისტი ძალა. ერთადერთი ხისტი ძალის გამოყენების პირობებში იყო შესაძლებელი ასეთი პროვოკაციის თავიდან არიდება. ჩვენ გადავწყვიტეთ, არ გამოგვეყენებინა ხისტი ძალა და სამწუხაროდ, ეს პროვოკაცია შედგა. თუმცა, ეს ყველაფერი ბუნებრივია ვერ უზრუნველყოფს იმ ნეგატიური გეგმის განხორციელებას, რომელიც ჰქონდათ პროვოკაციის ავტორებს. გაგრძელდება საყოველთაო-სახალხო განხილვა და ჩვენ გვექნება საშუალება, რომ საზოგადოებას ვესაუბროთ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს იქნება უზრუნველყოფილი სათანადოდ ჩვენი მხრიდან. ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გუშინ, ფილარმონიის დიდ დარბაზში, მან ტერმინი „კომუნისტები"  და არა - „სოციალისტები" შეგნებულად გამოიყენა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ  განაცხადა, რომ საქართველოში კომუნიზმის ადგილი აღარასდროს იქნება.

„ მე შეგნებულად გამოვიყენე ტერმინი კომუნისტები და არა სოციალისტები. სოციალისტთან და სოციალ-დემოკრატიასთან არაფერი აქვს საერთო იმ მიდგომებს, რომელსაც გამოხატავენ ეს ადამიანები, ამიტომ, სრულიად შეგნებულად გამოვიყენე ტერმინი კომუნისტები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ კომუნიზმი საქართველოში არ შეიძლება გახდეს ერთგვარი იდეოლოგიური მიმდინარეობა, რომელსაც რაიმე პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს. კომუნიზმი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს მემარცხენე რადიკალებზე. ამის ადგილი საქართველოში ნამდვილად არ არის. ჩვენ გამოვიარეთ ეს პერიოდი. საქართველოში ამის ადგილი არასდროს არ იქნება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,  მის მოწოდებას გუშინ არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა.

„რაც შეეხება გაუნათლებლებს, არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა გუშინდელ შეხვედრაზევე ამას. მე მოვუწოდე ახალგაზრდებს, რომ მათ იარონ ცოდნის გზით. ისინი ახლა არიან იმ ასაკში, როდესაც უნდა შეიძინონ ცოდნა და მას შემდეგ, რაც შეიძენენ ცოდნას, ბუნებრივია, გაიფართოებენ თვალსაწიერს და ეს მისცემს მათ საშუალებას, რაღაცეებს სხვანაირად შეხედონ. მაგალითად, არ შეხედონ კომუნისტის თვალით გარკვეულ მოვლენებს. ეს იყო ჩემი მოწოდება. რაც შეეხება უცოდინარს და გაუნათლებელს-ეს ტერმინი გამოიყენა ბატონა სანდრო ბრეგაძემ. ეს მისი ლექსიკაა და არა ჩემი. შესაბამისად, მე ასეთი ლექსიკით არ ვსაუბრობ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.