თორდია-ფარცხალაძის დაპირისპირების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ბიუროს სხდომაზე კამათი მოჰყვა

თორდია-ფარცხალაძის დაპირისპირების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ბიუროს სხდომაზე კამათი მოჰყვა

გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის რამდენიმე დღის წინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, ბიუროს სხდომაზე კამათის საგანი გახდა.

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ბიუროს საპარლამენტო უმცირესობამ წარუდგინა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგი წერეთელმა განაცხადა, საუბარია გენერალურ აუდიტორზე განხორციელებულ თავდასხმაზე და იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური განსაკუთრებული იმუნიტეტით სარგებლობს, მომხდარი ინციდენტი საზოგადოებასა და მოქალაქეებში დაუცველობისა და დაუსჯელობის განცდას აჩენს.

წერეთელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აუდიტის სამსახური არის პარლამენტთან დაკავშირებული უწყება და კოლეგებს საგამოძიებო კომისიის შექმნის წინადადების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

საპარლამენტო უმცირესობის წინადადება გაიზიარა ფრაქცია ”ნაციონალურმა მოძრაობამ”. როგორც დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, იმ ფონზე, როდესაც ცნობილი ხდება, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები სახლში სტუმრობენ ოთარ ფარცხალაძეს და ანგარიშს აბარებენ მას, გამოძიების სანდოობა ეჭვქვეშ დგება. მისივე შეფასებით, ჭიანურდება თავად საგამოძიებო პროცესი და ამიტომ მიზანშეწონილია პარლამენტი თავად დაინტერესდეს თუ რა მოხდა რეალურად.

ოპოზიციონერი კოლეგების შეთავაზებას, არ დაეთანხმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელმაც ოპოზიციას პარლამენტის რეგლამენტზე მიუთითა და განმარტა, რომ დროებითი საპარლამენტო კომისია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას, თუკი გამოძიების შედეგები დამაკმაყოფილებელი არ იქნება. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, რომლის აზრით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებაზე, პარლამენტი გადაწყვეტილებას, გამოძიების შედეგების გაცნობის შემდეგ მიიღებს.

ბიუროს წევრებს შორის გამართული კამათის მიუხედავად, უმცირესობის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი, საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, პარლამენტის დღის წესრიგში მაინც შევიდა. შესაბამისად, საკითხზე ჯერ კომიტეტებში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.