ჩვენ ღია ვართ რუსი ტურისტებისთვის, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას არ შევეგუებით

ჩვენ ღია ვართ რუსი ტურისტებისთვის, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას არ შევეგუებით

ჩვენ ღია ვართ რუსი ტურისტებისთვის, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, ბუნებრივია, არ შევეგუებით, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

"ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან ღია პოლიტიკა. ჩვენ ვამბობთ იმას, რაც სათქმელია ყოველთვის პირდაპირ. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიციები იგივე რუსეთთან მიმართებაში, ღია ვართ რუსი ტურისტებისთვის - ეს ბევრჯერ დავაფიქსირეთ და ძალიან მოწონებით და სიხარულით ვხვდებით იმას, რომ საქართველო ტურისტებისთვის, მათ შორის რუსი ტურისტებისთვის, მიმზიდველი ადგილია. მათ არც ერთ ეტაპზე არანაირი პრობლემა საქართველოში მოგზაურობის კუთხით არ ექმნებათ, მაგრამ როცა ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, ბუნებრივია, საქართველო, როგორც დამოკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, ამ კანონის დარღვევას არც ერთ შემთხვევაში არ შეეგუება. სხვა კომენტარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე ვერ გავაკეთებ. ჩვენ მომავალშიც დავიცავთ საქართველოს კანონმდებლობას და ღია ვიქნებით ყველასთვის, ვინც საქართველოში ჩამოდის ტურისტული ღირსშესანიშნაობების სანახავად",- განაცხადა ხულორდავამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვუს შავ სიაში შეყვანის შესახებ საქართველოს ხელისუფლების განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისი განაგრძობს პროვოკაციებს, რომელიც ძირს უთხრის მოსკოვთან მიმართებაში გაჯანსაღების პროცესს. რუსეთის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ზედმიწევნით შეაფასონ რისკები, რაც საქართველოში გამგზავრებასთან არის დაკავშირებული.