მამუკა მდინარაძე: კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა თბილისში აუცილებლად ჩატარდება

მამუკა მდინარაძე: კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა თბილისში აუცილებლად ჩატარდება

საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში გუშინ თბილისში მომხარ ფაქტთან დაკავშირებით  საორგანიზაციო კომისიის წევრებმა შეფასებები გააკეთეს.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანონის შესაბამისად კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და იგი თბილისში აუცილებლად გაიმართება.

მამუკა მდინარაძე: „თბილისში აუცილებლად ჩატარდება განხილვა. გაგრძელდება ზოგადად საყოველთაო-სახალხო განხილვები. კანონიც ამას ითვალისწინებს, რომ მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში განხილვები უნდა გრძელდებოდეს. ჩვენ დღეს კომისიაზე განვიხილავთ ამ საკითხებს და ორგანიზაციულ დეტალებს შემდეგ მოგახსენებთ. რაც შეეხება უსაფრთხოებას და სხვა საკითხებს, ჩვენ ვიქნებით ყურადღებით ყველა დეტალის მიმართ და შევეცდებით, რომ ერთი მხრივ, დემოკრატიული გარემო   და უსაფრთხოება, და ასევე, პროვოკაციების თავიდან არიდებაც იყოს უზრუნველყოფილი. გუშინ წინასწარ ვიცოდით რომ გარკვეული ჯგუფის მიერ მზადდებოდა  პროვოკაციული მოქმედებები, თუმცა კონკრეტული სახელის და გვარის დასახელებას მოვერიდეთ. მათი გამოხატვის ფორმა იყო ბოლშევიკური და არ ემსახურებოდა რეალურად პოზიტიურ მიზნებს. აქედან გამომდინარე, ეს არ არის გამოხატვის ის ფორმა, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და ყველას ვურჩევ მონაწილეობა მიიღონ რეალურ განხილვებში და ყველანი ერთად ვიყოთ შედეგზე ორიენტირებული".

საორგანიზაციო კომისიის წევრი ვასილ გონაშვილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობას საშუალება უნდა მიეცეს ნორმალურ პირობებში გაეცნოს კონსტიტუციურ ცვლილებებს და საკუთარი მოსაზრებებიც გამოთქვან. „როგორც გუშინ გამოჩნდა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პროცესის კანონის ფარგლებიდან გატანას, ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ. მოსახლეობას საშუალება უნდა მივცეთ, რომ შეძლონ სამართლებრივად კორექტული შენიშვნები გამოთქვან კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით. საორგანიზაციო კომისია მზად არის მიიღოს ნებისმიერი ასეთი გამოთქმული მოსაზრება და სწორედ ამისთვის იმართება საყოველთაო-სახალხო განხილვები. კომისია საქართველოს რეგიონებში გასვლას და მოსახლეობის მოსაზრებების გაცნობას მომავალშიც გააგრძელებს", - აღნიშნა ვასილ გონაშვილმა.