ნიკი ჰეილიმ რუსეთს მოუწოდა, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ გამოვიდეს

ნიკი ჰეილიმ რუსეთს მოუწოდა, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ გამოვიდეს

აშშ-ის ელჩმა გაერო-ში, ნიკი ჰეილიმ რუსეთს მოუწოდა დასავლეთის ქვეყნების მხარეს დადგეს და სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ გამოვიდეს.

ნიკი ჰეილიმ წერილობით განცხადებაში სირიის ხელისუფლება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ამხილა, ხოლო ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთსა და ირანს დააკისრა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მტკიცებით, სირიაში მდებარე სეიდნაიას ციხეში ყოველდღიურად 50 პატიმარს კლავენ, ხოლო მათ გვამს კი სპეციალურად აშენებულ კრემატორიუმში წვავენ, რათა დანაშაულის კვალი დაფარონ.

„ასადის კრემატორიუმებში მასობრივი მკვლელობების მიმალვის მცდელობები მე-20 საუკუნის ყველაზე საშინელ დანაშაულებს გვახსენებს. მიუხედავად იმისა, რომ ასადს ეკისრება ძირითადი პასუხისმგებლობა ამ სისასტიკეზე, მძიმე ტვირთი ასევე ადევს მის მოკავშირეებს, რუსეთსა და ირანს“, - ნათქვამია ნიკი ჰეილის განცხადებაში.

მისივე თქმით, „რუსეთი და ირანი ასადს საშუალებას აძლევენ გაიტაცოს, აწამოს და მოკლას ხალხი, სასამართლოსა და გამოძიების გარეშე“, - აღნიშნა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა.

„მთლიანად მსოფლიომ გაიაზრა თუ რა საშინელებებს აკეთებს სირიის რეჟიმი. დადგა დრო, რუსეთი შემოგვიერთდეს“, - დასძინა ნიკი ჰეილიმ.