პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში 5%-იან ბარიერს 3-ზე მეტი პარტია გადალახავს. როგორც კობახიძემ ”რადიო პალიტრის” გადაცემაში ”რეზიუმე” განაცხადა, ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე დღევანდელ პარლამენტში.
”დარწმუნებული ვარ, რომ 5%-იან ბარიერს შემდეგ არჩევნებში 3-ზე მეტი პარტია გადალახავს. ეს არის დღევანდელ პარლამენტზე მეტი. რაც შეეხება ბარიერს, ევროპაში 5%-იანი ბარიერის დაწესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაცია და სტაბილურობა საპარლამენტო ცხოვრებაში”, - აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძე ვარაუდობს, რომ ბლოკების გაუქმების პირობებში შემცირდება გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა, რადგან ეს გამოიწვევს პარტიული სპექტრის გამსხვილებას და შემცირდება მნიშვნელოვნად გადაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა.
”არის პრეცედენტები, როდესაც არის 2 მცირე პარტია მცირე რაოდენობის მხარდაჭერებით, ისინი ქმნიან ბლოკს, შემდეგ აქვთ უფასო საეთერო დრო და მიაქვთ 2-3%. აქ საუბარია 2-3 კაციან დაჯგუფებებზე. ამომრჩეველი იქნება კონცენტრირებული რამდენიმე რეალურ პარტიაზე და შემცირდება გადაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა”, - აღნიშნა კობახიძემ.